საქართველოს პორტებიდან ბაქოს მიმართულებით ბლოკ-მატარებელი იმოძრავებს.
შესაბამისი შეთანხმება აზერბაიჯანის რკინიგზასთან (AR), ალმატიში გამართული სატრანსპორტო კვირეულის ფარგლებში გაფორმდა.
საქართველოს რკინიგზის (GR) ინფორმაციით, ახალი ბლოკ-მატარებელი ბათუმი-ფოთი-თბილისი-აპშერონი-სუმგაიტი-ალიატის მიმართულებით იმოძრავებს. აღნიშნული ბლოკ-მატარებელი შავი ზღვის პორტებს აზერბაიჯანის ყველაზე მსხვილ ტერმინალებთან წინასწარ დადგენილი გრაფიკით დააკავშირებს.
ახალი ხაზი, სავარაუდოდ, ტვირთის მფლობელებისთვის ლოგისტიკას გაამარტივებს, მიწოდების დროს შეამცირებს და ტერმინალებში ტვირთისა და ცარიელი კონტეინერების შენახვის ხარჯებს შეამცირებს. ტვირთმფლობელს წინასწარ ეცოდინება რამდენ ხანში ჩავა მათი კონტეინერი ბაქოში და რამდენ ხანში დაბრუნდება ცარიელი კონტეინერი უკან.
საქართველოს რკინიგზას ხაზის ამოქმედების კონკრეტული თარიღი ჯერ არ გამოუცხადებია.