თურქეთის ორი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის - აღმოსავლეთ თურქეთის შუა დერეფნის რკინიგზის განვითარების პროექტის (ETMIC) და სტამბოლის ჩრდილოეთ რკინიგზის გადასასვლელის პროექტის (INRAIL) განსახორციელებლად, მთავრობა მსოფლიო ბანკიდან (WB) და სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან დაახლოებით 9.7 მილიარდი დოლარის მოზიდვას გეგმავს.
მედია მსოფლიო ბანკზე დაყრდნობით წერს, რომ ETMIC პროექტის სავარაუდო ღირებულება 1.615 მილიარდ დოლარს შეადგენს, დღგ-ს ჩათვლით, ხოლო INRAIL პროექტის ღირებულება 8.1 მილიარდ დოლარს შეადგენს, დღგ-ს, გაუთვალისწინებელი ხარჯების, მშენებლობის ზედამხედველობისა და პროექტის მართვის ჩათვლით.
ETMIC პროექტი გულისხმობს დივრიგი-ყარსი-საქართველოს სასაზღვრო რკინიგზის ხაზის რეაბილიტაციას და ელექტრიფიკაციას, რომელიც შუა დერეფნის (ტრანსკასპიის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, TITR) ნაწილია.
პროგრამა 587 კმ სიგრძის რკინიგზის ინფრასტრუქტურისა და ზედნაშენის რეაბილიტაციას მოიცავს, დივრიგიდან საქართველოს საზღვრამდე 667 კმ სიგრძის ხაზის ელექტრიფიკაციას, ხიდების, გვირაბების, წყალგამტარი მილების, საყრდენი კედლებისა და სადგურების გაფართოების მშენებლობას, რეგულირებადი რკინიგზის გადასასვლელების დანერგვას და სოციალური ობიექტების განვითარებას უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად.
თანამედროვე მოძრაობის მართვის სისტემა მოიცავს 154 კვ ძაბვის ქვესადგურებსა და ელექტროგადამცემ ხაზებს, სიგნალიზაციისა და ტელეკომუნიკაციის აღჭურვილობას, ცენტრალიზებულ მოძრაობის კონტროლს (CTC) და 320 კმ სიგრძის განაწილებულ აკუსტიკურ მონიტორინგის სისტემას (DAS).
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, განახლებული აღმოსავლეთის დერეფანი თურქეთის ფარგლებში შუა დერეფნის სტრატეგიულ ნაწილად იქცევა, რაც უზრუნველყოფს პირდაპირ კავშირს ქვეყანასა და საქართველოს, კასპიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიას შორის. ელექტრიფიცირებული სატვირთო ხაზი გაზრდის ტრანსპორტირების სიჩქარეს, საიმედოობას და გარემოსდაცვით კეთილგანწყობას, ასევე, გააძლიერებს თურქეთის, როგორც ევრაზიის ლოგისტიკაში მთავარი ცენტრის როლს.
პარალელურად, თურქეთი ემზადება INRAIL პროექტის განსახორციელებლად - დაახლოებით 125 კმ სიგრძის ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობისთვის, რომელიც ქვეყნის აზიურ და ევროპულ ნაწილებს სტამბოლის მეტროპოლიტენის გვერდის ავლით დააკავშირებს.
ხაზი ჩაიროვას სადგურთან (აზიური მხარე) დაიწყება და დასრულდება ჩათალჯას სადგურთან (ევროპული მხარე), გაივლის იავუზ სულთან სელიმის ხიდს. ახალი ხაზი ელექტრიფიცირებული იქნება და სრულად აღიჭურვება სიგნალიზაციით, რომელიც განკუთვნილია როგორც მგზავრების, ასევე, ტვირთების გადაზიდვისთვის.
პროექტის თანახმად, სამგზავრო მატარებლებს შეეძლებათ 160 კმ/სთ სიჩქარის განვითარება, ხოლო სატვირთო მატარებლებს - 80-120 კმ/სთ. ხაზი უზრუნველყოფს სტამბოლის აეროპორტსა და საბიჰა გიოქჩენის აეროპორტს შორის პირდაპირ კავშირს, ინტეგრირებას მოახდენს მათ ეროვნულ სარკინიგზო ქსელში და გააძლიერებს მულტიმოდალურ ლოგისტიკას.
როგორც მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, INRAIL უზრუნველყოფს შიდა და საერთაშორისო სატრანსპორტო კავშირს საჰაერო და სარკინიგზო კვანძებს შორის, ამავდროულად, გააუმჯობესებს ურბანულ მობილობას მეტროპოლიაში. შემოვლით ხაზს მხოლოდ ორი სადგური ექნება - ორივე აეროპორტი, რაც ეფექტურად მოემსახურება მგზავრთა ნაკადებს და განავითარებს მულტიმოდალურ ტვირთების გადაზიდვას.
შეგახსენებთ, რომ 2024 წელს TITR-ის მეშვეობით ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 62%-ით გაიზარდა და მან 4.5 მილიონ ტონას მიაღწია. 2025 წელს პროგნოზირებულია შემდგომი ზრდა 5.2 მილიონ ტონამდე, საიდანაც 4.2 მილიონი ტონა მონაწილე ქვეყნების მარშრუტებით გაივლის. ამ მოცულობიდან 2.5 მილიონი ტონა მშრალი ტვირთი იქნება (დაახლოებით 96,000 TEU), ხოლო 1.7 მილიონი ტონა - ნავთობი.
2027 წლისთვის მარშრუტის გამტარუნარიანობა შეიძლება, წელიწადში 10 მილიონ ტონამდე გაიზარდოს.