ჩეხეთში 4 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, მილიარდერ ანდრეი ბაბიშის პოპულისტური ორიენტაციის პარტია ANO-მ გამიარჯვა.
საარჩევნო უბნების 99.5%-ის დათვლის შედეგების მიხედვით, ბაბიშის ANO (დიახ) მოძრაობამ ხმების 34.7% მიიღო, მოიპოვებს 80 მანდატს, რითაც პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას კონსერვატიულ კოალიციას -„ერთად“ [23.2%] მოუგო. ბაბიშმა არჩევნების შედეგებს „ისტორიული“ უწოდა. ჩეხეთის პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება მთლიანი 200–დან 101 მანდატით არის შესაძლებელი.
„ჩვენ გვსურს, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა გახდეს საუკეთესო ადგილი ევროკავშირში ცხოვრებისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს მოხდეს,“ - განუცხადა მან თავის მხარდამჭერებს და მედიას.
„ბაბიში შეუერთდება უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს რიგებს, რომელთა ქვეყნებმაც უარი თქვეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე, გააგრძელებენ რუსული ნავთობის იმპორტს და ეწინააღმდეგებიან ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს,“ - წერს AP.
2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ჩეხეთი უკრაინის მტკიცე მხარდამჭერია. ქვეყანამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს იარაღი, მათ შორის, მძიმე შეიარაღება გადასცა და მხარს უჭერს ინიციატივას, რომელიც უკრაინისთვის საჭირო საარტილერიო ჭურვებს ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მყოფი ქვეყნებიდან იღებს.
ბაბიშის ხელმძღვანელობით, ოპოზიციამ ფიალა დაადანაშაულა ბოლო წლების ყველა პრობლემაში, ენერგეტიკული კრიზისიდან დაწყებული ინფლაციის ზრდით დამთავრებული. მან პირობა დადო, რომ მის საპენსიო რეფორმას და უკრაინისთვის დახმარებას გააუქმებდა.
ოპონენტები ანდრეი ბაბიშს საბჭოთა უშიშროების (КГБ) აგენტს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ის ჩეხოსლოვაკიის უშიშროების კომიტეტის StB-ის ინფორმატორი და თანამშრომელი იყო. მის ბიზნეს-წარმატებებს კი, 1980-იან წლებში შეძენილ კავშირებს და მოგვიანებით შეძენილ ნაცნობებს უკავშირებენ.
ცნობისთვის, უცხოური მედია ბაბიშს „ჩეხ ტრამპს“ უწოდებს, პოლიტიკაში ბიზნესიდან წასვლის გამო. მან 2011 წელს დააფუძნა პოპულისტური მოძრაობა ANO (ჩეხურად ნიშნავს - დიახ) აბრევიატურის განმარტება კი ასეთია: „უკმაყოფილო მოქალაქეთა მოძრაობა."