ვოლოდიმირ ზელენსკი ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერს ანდრეი ბაბიშს ესაუბრა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.
„ბაბიშმა შეაქო უკრაინელი ხალხის გამბედაობა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. მე მას ვაცნობე ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს სამართლიანი მშვიდობის მიღწევას შეერთებულ შტატებთან, ევროპასთან და სხვა ქვეყნებთან ერთად, ასევე, დიპლომატიური ვითარების შესახებ. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა სულ უფრო პროდუქტიული გავხადოთ.
ჩვენ ჩეხეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას ვაფასებთ და უკრაინისა და უკრაინელების მხარდაჭერისთვის მადლიერები ვართ. ანდრეი ბაბიშს არჩევნებში გამარჯვება მივულოცე და მას წარმატებები ვუსურვე. შევთანხმდით, რომ შემდგომი თანამშრომლობის საკითხებს უახლოეს მომავალში შეხვედრისას განვიხილავთ,“ - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ანდრეი ბაბიშმა შეაქო ვოლოდიმირ ზელენსკის ლიდერობა და უკრაინელი ხალხის სიმამაცე რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. მან ხაზი გაუსვა სამართლიანი მშვიდობის რაც შეიძლება მალე მიღწევის მნიშვნელობას.
თავის მხრივ, ბაბიშმა, რომელმაც არჩევნებამდე უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების პროგრამის დასრულების პირობა დადო, განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან „არსებულ ვითარებაზე“ ისაუბრა.
„მე ჩვენი მხარდაჭერა გამოვხატე და სურვილი, რომ ომი რაც შეიძლება, მალე დასრულდეს. ასევე, შევთანხმდით, რომ მომავალ წელს უკრაინას ვეწვევი,“ - აღნიშნა ბაბიშმა.
ბაბიშის თქმით, ისინი აქამდე სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, ბოლოს კიევში - 2019 წელს. უკრაინის მხარდაჭერის გამოხატვისას, ბაბიშმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თუ ANO შემდეგ მთავრობას შეუერთდება, ის იარაღისთვის პირდაპირ ბიუჯეტის დაფინანსებას არ გამოყოფს და რომ ჩეხეთის დახმარება ევროკავშირისა და კერძო იარაღის ექსპორტის მეშვეობით გაგრძელდება.
შეგახსენებთ, ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის პარტია ANO-მ გაიმარჯვა. ანდრეი ბაბიშის პარტიამ არჩევნებში ხმების 34.5% მიიღო და დეპუტატთა პალატაში 200 ადგილიდან 80 ადგილი მოიპოვა.