რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დუშანბეში ერთი წლის შემდეგ პირველი მოლაპარაკებები გამართეს. როგორც BBC წერს, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის რაკეტები თვითმფრინავიდან რამდენიმე მეტრში აფეთქდა და პირდაპირი დარტყმა არ მომხდარა. მისი თქმით, გამოძიება დასასრულს უახლოვდება და ახლა, საერთო ჯამში, შეიძლება, ამ ტრაგედიის, ამ კატასტროფის მიზეზებზე საუბარი.“
9 ოქტომბერს პუტინმა ალიევთან შეხვედრის დაწყება ამ „ყველაზე მგრძნობიარე თემით“ ისურვა. პუტინმა პირველად დაადასტურა, რომ აზერბაიჯანული თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ დააზიანა მას მერე, რაც უკრაინის დრონები რუსეთის საჰაერო სივრცეში შევიდნენ და ბოდიში მოიხადა „მომხდარი ტრაგედიისთვის.“
„მიზეზი თავად რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის ტექნიკურ გაუმართაობაშია. გასროლილი ორი რაკეტა პირდაპირ თვითმფრინავს არ მოხვედრია; თუ ეს მოხდებოდა, ის ადგილზე ჩამოვარდებოდა. ამის ნაცვლად, ისინი აფეთქდნენ - შესაძლოა, თვითგანადგურებით - რამდენიმე მეტრის მოშორებით, დაახლოებით 10 მეტრის დაშორებით,“ - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა (ციტირებულია „ინტერფაქსის“ მიერ). მისი თქმით, „ასეთ ტრაგიკულ შემთხვევებში კომპენსაციის გადასახდელად რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რაც აუცილებელია.“
პუტინმა ასევე განუცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, რომ მან ეს ინფორმაცია, სავარაუდოდ, მხოლოდ „გუშინწინ“ მიიღო, როდესაც მასთან შეხვედრამდე მოსკოვში დარეკა და AZAL-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამოძიების შესახებ დამატებითი დეტალები ითხოვა. ალიევმა პუტინს მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზების გამოძიების პირადად ხელმძღვანელობისთვის. ამჯერად მან კრიტიკული კომენტარები არ გააკეთა.
ცნობისთვის, პუტინი ტაჯიკეთში სახელმწიფო ვიზიტით, ერთი დღით ადრე ჩავიდა. ასევე გამოცხადდა, რომ ის აზერბაიჯანის პრეზიდენტს დუშანბეში შეხვდებოდა, სადაც დსთ-ს სახელმწიფო მეთაურების საბჭოს სხდომაა დაგეგმილი, რაც გასული წლის ოქტომბრის შემდეგ პირველი შემთხვევაა.
ოფიციალური ინფორმაციით, პუტინსა და ალიევს დიდი ხანია, ტელეფონით არ უსაუბრიათ. 7 ოქტომბერს ალიევმა რუსეთის პრეზიდენტს დაბადების დღის მისალოცად დაურეკა, თუმცა მათი ბოლო სატელეფონო საუბარი მარტში შედგა. პუტინსა და ალიევს შორის ბოლო შეხვედრიდან ერთი წლის შემდეგ, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუარესდა..
ქვეყნებს შორის პირველი დიპლომატიური დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2024 წლის დეკემბერში ყაზახეთში „აზერბაიჯანის ავიახაზების“ (AZAL) თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა. ჩამოვარდნის შედეგად, 38 ადამიანი დაიღუპა, 29 კი, გადარჩა. აზერბაიჯანის ხელისუფლება აცხადებდა, რომ თვითმფრინავი „გარე გავლენის შედეგად“ ჩამოვარდა, თუმცა რუსეთმა ოფიციალურად არ აღიარა თვითმფრინავის ჩამოგდებაში რაიმე მონაწილეობა.
მიმდინარე წლის ივლისში ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანს ჯერ კიდევ არ მიუღია რუსეთისგან მკაფიო პასუხი და ბაქო აპირებდა საერთაშორისო სასამართლოში გასაჩივრებას. მან პარალელები გაავლო აზერბაიჯანული თვითმფრინავის ინციდენტის გამოძიებასა და 2014 წელს დონბასში Malaysia Airlines-ის 17-ე რეისის ჩამოგდებას შორის და ასევე გაიხსენა ჰააგის სასამართლო, რომელმაც რუსეთი ხსენებული თვითმფრინავის ჩამოგდებაში პასუხისმგებლად ცნო.
„ჩვენ ვიცით, რა მოხდა და შეგვიძლია ამის დამტკიცება, და ვიცით, რომ რუსმა ოფიციალურმა პირებმაც იციან, რა მოხდა. თვითმფრინავის ფიუზელაჟი ნახვრეტებით იყო დაფარული. შიგნით ორი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ნამსხვრევებისგან დაიჭრნენ. ამიტომ, ის აზრი, რომ თვითმფრინავის ჩამოგდება უკრაინულ დრონს შეეძლო, სრულიად აბსურდულია,“ - განაცხადა ალიევმა.