ეგვიპტეში სამდღიანი ინტენსიური არაპირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ისრაელმა და „ჰამასმა“ „ხელი მოაწერეს 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას“, რომელიც მან გასულ კვირას გამოაქვეყნა.
დღეს ღაზაში ომის დასრულებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შარმ ელ-შეიხში, გაფართოებულ ფორმატში გაიმართა. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და მრჩეველი ჯარედ კუშნერი.
ისრაელის და პალესტინის ოფიციალური წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ შეთანხმებას ხელი მოეწერა ეგვიპტის კურორტ შარმ ელ-შეიხში გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგ. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი აცხადებს, რომ შეთანხმება ამოქმედდება მისი მთავრობის მიერ დოკუმენტის რატიფიცირების შემდეგ, რაც 9 ოქტომბერსვე უნდა მოხდეს.
შეთანხმების პირველი ფაზაც ითვალისწინებს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას და ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას, პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ.
ისრაელის სამხედროებმა ხუთშაბათს განაცხადეს, რომ მიმდინარეობს მზადება „კორექტირებულ განლაგების ხაზებზე გადასასვლელად.“ ამის შემდეგ დაიწყება 72-საათიანი ათვლა, რომლის დროსაც „ჰამასმა“ უნდა გაათავისუფლოს ყველა 20 მძევალი, ამას მოჰყვება 28 მძევლის ცხედრის დაბრუნება, თუმცა უცნობია, რამდენ ხანს შეიძლება, გაგრძელდეს ეს პროცესი.
BBC-ს პალესტინელმა წყარომ განუცხადა, რომ შემდეგ, ისრაელი გაათავისუფლებს დაახლოებით 250 პალესტინელ პატიმარს, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი ისრაელის ციხეებში. ასობით სატვირთო მანქანა, რომლითაც ჰუმანიტარული დახმარება იგზავნება, ასევე შევა ღაზის სექტორში, სადაც გაეროს მიერ მხარდაჭერილმა ექსპერტებმა აგვისტოში, შიმშილობის ფაქტები დაადასტურეს.
როგორც Reuters-ი წერს, კვლავაც განხილვას უნდა დაექვემდებაროს ტრამპის 20-პუნქტიანი გეგმის შემდეგი ნაბიჯები - მათ შორის ის, თუ როგორ უნდა იმართოს ღაზის სექტორი ბრძოლის დასრულების შემდეგ, ასევე „ჰამასის“ საბოლოო ბედი - ჯგუფი ჯერჯერობით უარყოფს ისრაელის მოთხოვნას განიარაღების თაობაზე.
დღის ბოლოს, თავის მხრივ, ჰამასმა“ ღაზის სექტორში ომის დასრულების შესახებ გამოაცხადა. შესაბამისი განცხადება „ჰამასის“ მოლაპარაკებების ჯგუფის ხელმძღვანელმა ხალილ ალ-ჰაიიამ გააკეთა. ალ-ჰაიიას თქმით, შეთანხმება ასევე ითვალისწინებს რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის ორივე მიმართულებით გახსნას.
„დღეს ვაცხადებთ ომის დასრულებას და მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის დაწყებას. შეთანხმება მოიცავს რაფაჰის გადასასვლელის გახსნას ორივე მიმართულებით. შეთანხმება ითვალისწინებს ისრაელის მიერ ყველა პატიმრობაში მყოფი პალესტინელი ქალისა და ბავშვის გათავისუფლებას. ჯგუფმა მიიღო გარანტიები შეერთებული შტატებისგან, არაბი შუამავლებისა და თურქეთისგან, რომ ღაზაში ომი სამუდამოდ დასრულდა,“ ამბობს ალ-ჰაიია.
ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰამასი ყველა მძევალს ორშაბათს ან სამშაბათს გაათავისუფლებს.
„შევთანხმდით ყველა დარჩენილი მძევლის გათავისუფლებაზე. ისინი ორშაბათს ან სამშაბათს უნდა გათავისუფლდნენ. ეს რთული პროცესია. მირჩევნია, არ გითხრათ, რა უნდა გააკეთონ მათ გასათავისუფლებლად.... მძევლებს ვიბრუნებთ ორშაბათს ან სამშაბათს, ეს სიხარულის დღე იქნება.
ვეცდები, ვიზიტი განვახორციელო, ვეცდები იქ მოხვედრას. დროზე ვმუშაობთ, ზუსტ დროზე. ეგვიპტეში ჩავალთ, სადაც ხელმოწერა იქნება - დამატებითი ხელმოწერა. უკვე იყო ჩემი სახელით ხელმოწერა, მაგრამ ოფიციალური ხელმოწერა გვექნება,” - განაცხადა ტრამპმა.
რა მოხდება შემდეგ? [წყარო - BBC]
თუ ტრამპის 20-პუნქტიანი გეგმის პირველი ფაზის დასრულებას მოჰყვება მოლაპარაკებები შემდგომი ფაზების დეტალებზე - ამ პუნქტების უმეტესობაზე შეთანხმების მიღწევა შეიძლება, რთული იყოს.
წინადადებაში ნათქვამია, რომ თუ ორივე მხარე შეთანხმდება, ომი „დაუყოვნებლივ დასრულდება.“
აღინიშნა, რომ ღაზა დემილიტარიზებული იქნება და ყველა „სამხედრო, ტერორისტული და შეტევითი ინფრასტრუქტურა“ განადგურდება. ასევე ნათქვამია, რომ ღაზას მართავს პალესტინელი ტექნოკრატების დროებითი გარდამავალი კომიტეტი, რომელსაც ზედამხედველობას გაუწევს „მშვიდობის საბჭო“, რომელსაც ხელმძღვანელობს და თავმჯდომარეობს დონალდ ტრამპი და პროცესში ასევე ჩართულია დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი.
სასაზღვრო ზოლის მმართველობა საბოლოოდ გადაეცემა პალესტინის ხელისუფლებას, მისი რეფორმირების შემდეგ. გეგმის თანახმად, „ჰამასს“ მომავალში არ ექნება როლი ღაზის მმართველობაში, პირდაპირ თუ ირიბად. „ჰამასის“ წევრებს შესთავაზებენ ამნისტიას, თუ ისინი მშვიდობიან თანაარსებობას აიღებენ ვალდებულებად ან უზრუნველყოფენ უსაფრთხო გადასვლას სხვა ქვეყანაში.
არცერთი პალესტინელი არ იქნება იძულებული, დატოვოს ღაზა და მათ, ვისაც წასვლა სურდა, თავისუფლად შეძლებენ დაბრუნებას. ღაზის აღდგენისათვის „ტრამპის ეკონომიკური განვითარების გეგმას“ ექსპერტთა ჯგუფი შეიმუშავებს.
დაბრკოლებები შემდგომ ეტაპებზე?
შეთანხმების შემდგომ ეტაპებზე მოლაპარაკებების დროს, სავარაუდოდ, მრავალი საკამათო საკითხი იქნება. „ჰამასმა“ ადრე უარი თქვა იარაღის დაყრაზე და განაცხადა, რომ ამას მხოლოდ პალესტინის სახელმწიფოს შექმნის შემდეგ გააკეთებდა. ჯგუფმა ასევე არ ახსენა განიარაღება გასულ შაბათ-კვირას გეგმაზე თავდაპირველ პასუხში, რამაც გააღვივა ვარაუდები, რომ მისი პოზიცია არ შეცვლილა.
მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი სრულად დაეთანხმა გეგმას, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, როგორც ჩანს, უარყო პალესტინის ადმინისტრაციის მონაწილეობა ომისშემდგომ ღაზაში, მაშინაც კი, როდესაც ის გასულ კვირას პრეზიდენტის გვერდით ტრიბუნაზე იდგა და დაჟინებით მოითხოვდა, რომ ის არანაირ როლს არ ითამაშებდა ტერიტორიის მართვაში.
„ჰამასმა“ ასევე განაცხადა, რომ მომავალში ღაზაში გარკვეული როლის შესრულებას ელის „ერთიანი პალესტინის მოძრაობის“ ფარგლებში. კიდევ ერთი დაბრკოლება ისრაელის ჯარების გაყვანის მასშტაბია. ისრაელი აცხადებს, რომ პირველი გასვლით ის ღაზის ტერიტორიის დაახლოებით 53%-ზე კონტროლს შეინარჩუნებს.
თეთრი სახლის გეგმა შემდგომ გასვლას დაახლოებით 40%-მდე, შემდეგ კი, 15%-მდე მიუთითებს. ეს საბოლოო ეტაპი იქნება „უსაფრთხოების პერიმეტრი“, რომელიც „იარსებებს, ვიდრე ღაზა სათანადოდ არ იქნება დაცული ნებისმიერი ტერორისტული საფრთხისგან“. აქ ფორმულირება ბუნდოვანია და არ იძლევა ისრაელის სრული გასვლის მკაფიო ვადებს - რაშიც „ჰამასს“, სავარაუდოდ, გარკვევა სურს.
ცნობისთვის, ტრამპმა გეგმა თეთრ სახლში 29 სექტემბერს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად წარადგინა, რომელმაც განაცხადა, რომ ისრაელი პირობებს ეთანხმება.