ნობელის მშვიდობის პრემია ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს მარია კორინა მაჩადოს მიენიჭა. ნობელის კომიტეტმა წლევანდელი ლაურეატის ვინაობა დღეს, 10 ოქტომბერს ოსლოში გამოაცხადა. ლაურეატს ჯილდოს სახით, 11 მილიონი შვედური კრონა - დაახლოებით 1,2 მილიონი დოლარი გადაეცემა.
ნობელის კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ მარია კორინა მაჩადოს ჯილდო ვენესუელელი ხალხის დემოკრატიული უფლებებისთვის დაუღალავი მუშაობისა და დიქტატურიდან დემოკრატიაზე სამართლიანი და მშვიდობიანი გადასვლის მისაღწევად ბრძოლისთვის გადაეცა.
58 წლის ვენესუელელი პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე და ფილანთროპი მარია კორინა მაჩადო წლებია, ნიკოლას მადუროს სოციალისტური მთავრობის წინააღმდეგ იბრძვის. 2011-2014 წლებში ის ვენესუელის პარლამენტის დეპუტატი იყო. 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი კანდიდატურის დაბლოკვის გამო, მაჩადომ ოპოზიციის ალტერნატიულ კანდიდატს ედმუნდო გონსალესს დაუჭირა მხარი.
2024 წლის 28 ივლისს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლების მიხედვით, არჩევნებში დამაჯერებლად სწორედ გონსალესმა გაიმარჯვა, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციამ გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო გამოაცხადა.
ვენესუელის ოპოზიციამ მარია კორინა მაჩადოს ლიდერობით, არჩევნების შედეგები არ აღიარა, რასაც მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. არჩევნების ოფიციალური შედეგები არ აღიარეს არც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ლათინური ამერიკის ქვეყნების ნაწილმა და ევროკავშირმა.
2025 წელს ჟურნალმა Time-მა მარია კორინა მაჩადო შეიყვანა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში. მაჩადოს მიღებული აქვს ევროპის საბჭოს ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებათა ჯილდო.