ისრაელი ადასტურებს, რომ „ჰამასის“ მიერ აყვანილი ყველა ცოცხალი მძევალი თავისუფალია

ისრაელის სამხედროები ადასტურებენ, რომ ღაზის სექტორში „ჰამასის“ მიერ აყვანილი ბოლო 20 ცოცხალი მძევალი ორ წელზე მეტი ხნის ტყვეობის შემდეგ, ისრაელში დაბრუნდა. მძევლები „ჰამასმა“ 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმების დროს გაიტაცა. მათ შორის არიან ტყუპი ძმები ზივ და გალი ბერმანები. 28 მძევლის ცხედარი ჯერ კიდევ არ არის გადაცემული.


მძევლების სანაცვლოდ, ისრაელი 250 პალესტინელ პატიმარს და 1700-ზე მეტ დაკავებულს ათავისუფლებს - პირველი ჯგუფები რამალაში, დასავლეთ სანაპიროსა და ღაზის სექტორში ჩასვლას იწყებენ.


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელშია და პარლამენტს სიტყვით მიმართავს. შემდეგ ის ეგვიპტეში, მსოფლიო ლიდერებთან სამშვიდობო სამიტზე გაემგზავრება.


ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ ღაზის სექტორში „ომი დასრულდა“,  თუმცა როგორც BBC წერს, მან თავი აარიდა შეკითხვებს სამშვიდობო გეგმის შემდეგ ეტაპებთან დაკავშირებით.


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დღევანდელ დღეს ისტორიული უწოდა.


ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ "სამხედრო კამპანია არ დასრულებულა."

"ჩვენ წინაშე კვლავ დიდი უსაფრთხოების გამოწვევებია. ჩვენი ზოგიერთი მტერი ცდილობს, აღდგეს, რათა კვლავ დაგვესხას თავს,“ - განაცხადა ნეთანიაჰუმ.


„ხვალ ახალი გზის დასაწყისია,“ ამბობს ნეთანიაჰუ.