ზელენსკი ახლო აღმოსავლეთში შეთანხმებაზე: მშვიდობის აღდგენისკენ პუტინის იძულებაც შესაძლებელია

“ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ ტერორის გამოყენებით უკრაინის წინააღმდეგობას გატეხავს. თუმცა ამის დაშვება არ შეიძლება - საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში უნდა იყოს მიღებული,“ აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის 71-ე ყოველწლიურ სესიაზე გამოსვლისას.


მანვე აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში ომი საბოლოოდ მთავრდება, ამიტომ, ამდენი მსხვერპლის შემდეგ მშვიდობის რეალური შანსი არსებობს. თუმცა რუსეთის მიერ წარმოებული ომი, ევროპაში გლობალური არასტაბილურობის უდიდეს წყაროდ რჩება.


"ყველა თქვენგანზეა დამოკიდებული ეს ომიც დასრულდება თუ არა. მშვიდობის აღდგენისკენ პუტინის იძულებაც შეიძლება ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ტერორისტის. ჰამასიც კი ემზადება მძევლების გასათავისუფლებლად. თუ ეს შესაძლებელია, მაშინ პუტინიც შეიძლება, იძულებული გახდეს, აღადგინოს მშვიდობა.


„ზამთრამდე პუტინი იმედოვნებს, რომ ამ ტერორს ჩვენი წინააღმდეგობის გასატეხად გამოიყენებს. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. ამიტომ, მოგიწოდებთ, თქვენს პარლამენტებსა და მთავრობებში მოითხოვოთ უფრო ძლიერი საჰაერო თავდაცვისა და ჩვენთვის საჭირო რაკეტების მხარდაჭერა. გადაწყვეტილებები კი როგორც სისტემებთან, ასევე, რაკეტებთან დაკავშირებით უახლოეს კვირებშია საჭირო,“ - განაცხადა ზელენსკიმ.


მან ასევე გაიხსენა, რომ გუშინ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან განიხილა „პატრიოტის“ სისტემების, „ტომაჰავკის“ რაკეტების საკითხი, უკრაინისთვის საჭირო ენერგეტიკული აღჭურვილობა და პარტნიორებისთვის რუსული ნავთობის შესყიდვის შეჩერების აუცილებლობა.


„მაშინაც კი, თუ უნგრელი ბიჭები ამტკიცებენ, რომ ეს მათ არჩევნებში შანსებს უწყობს ხელს, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ძირს უთხრის მათი ქვეყნის და ევროპის უსაფრთხოებას. პუტინისთვის ყოველი მილიარდი მნიშვნელოვანია. თქვენ არ შეგიძლიათ, იყოთ თავისუფალი სამყაროს ნაწილი და ამავდროულად, დააფინანსოთ ისინი, ვისაც მისი განადგურება სურს,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.


მოგვიანებით, მან X-ზე დაწერა, რომ გავლენიანმა აქტორებმა უნდა იმუშაონ პუტინის შესაჩერებლად და უკრაინაში მშვიდობის მისაღწევადაც:


"უკრაინაში მივესალმებით ყველა ძალისხმევას, რამაც ახლო აღმოსავლეთში ეს შედეგი მოიტანა. მძევლები გათავისუფლდნენ და ომი ღაზაში დასასრულისკენ მიდის. ეს ნამდვილად არაჩვეულებრივი მოვლენაა. პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობამ და მიზანსწრაფულობამ იმუშავა და მნიშვნელოვანია, რომ აუცილებელი დახმარება მოდის იმ ქვეყნებიდან და ბევრი ადამიანისგან, ვისაც რეალური ზეგავლენა აქვს. ვმუშაობთ იმისთვის, რომ მშვიდობის დღე დადგეს უკრაინისთვისაც.


რუსეთის აგრესია რჩება დესტაბილიზაციის ბოლო გლობალურ წყაროდ და თუკი ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობა მიღწეულია ახლო აღმოსავლეთისთვის, გლობალური აქტორების ლიდერობამ და მიზანსწრაფულობამ უნდა იმუშაოს ჩვენთვისაც უკრაინაში, ევროპაში. და ამისი გაკეთება შესაძლებელია. ტერორი ყოველთვის მარცხდება, როცა გლობალური ერთიანობა საკმარისად ძლიერია. მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც ხელს უწყობს მშვიდობას!"