ტრამპი: გვირჩევნია, რომ უკრაინას Tomahawk-ები არ დასჭირდეს, გვირჩევნია, რომ ომი დასრულდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა, ჯობს, Tomahawk-ების [ფრთოსანი რაკეტები] მიწოდების საჭიროება არ დადგეს და ომი ისე დასრულდეს.


„არ ვიცი, მას [პუტინს] მაგიდასთან რა დასვამს. ვფიქრობ, რომ შეთანხმების მიღწევა სურს, სულ ესაა. არ ვიცი, რა მოიყვანს [მაგიდასთან],“ - განაცხადა ტრამპმა. ამასთან, როგორც ტრამპმა აღნიშნა, Tomahawk „ძალიან საშიში იარაღია, წარმოუდგენელი იარაღია.


„საოცარი, ძალიან ძლიერი იარაღია, მაგრამ ძალიან საშიში იარაღია და ამას შეიძლება, დიდი ესკალაცია მოჰყვეს, ბევრი ცუდი რამ შეიძლება, მოხდეს. Tomahawk-ები დიდი ამბავია,“ - განაცხადა ტრამპმა.


აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ის და ზელენსკი Tomahawk-ებზეც ისაუბრებენ, „მაგრამ გვირჩევნია, Tomahawk-ები არ დასჭირდეთ, გვირჩევნია, რომ ომი დასრულდეს.“


ტრამპმა შეხვედრის დასაწყისში აღნიშნა, რომ მისთვის „პატივია“ ზელენსკისთან ერთად ყოფნა. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი „ძალიან ძლიერი ლიდერია“, რომელმაც „ბევრი რამ გადაიტანა.“ ტრამპის თქმით, ის და ზელენსკი განიხილავენ გუშინდელ სატელეფონო საუბარს პუტინთან და უნგრეთში დაგეგმილ სამიტს. ზელენსკიმ ტრამპს მიულოცა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა და განაცხადა, რომ მისი დახმარებით შესაძლებელია ომის დასრულება.