ფაშინიანის თქმით, სომხეთი მზადაა, დღესვე უზრუნველყოს ტვირთების ტრანზიტი აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის არსებული მარშრუტებით

  • ფაშინიანმა თურქეთთან და აზერბაიჯანთან რკინიგზის გახსნისთვის საჭირო ტექნიკური საკითხების მოგვარების ვადები დაასახელა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ერევანი პოლიტიკურად მზადაა, უზრუნველყოს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკიდან აზერბაიჯანის ძირითად ნაწილში და პირიქით, სომხეთის ტერიტორიის გავლით ტრანზიტი, თუმცა ტექნიკურ დონეზე არ არიან მზად ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო. ეს განცხადება ნიკოლ ფაშინიანმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ გააკეთა.


„სომხეთსა და თურქეთს შორის პოზიტიური დიალოგი იმედს იძლევა, რომ შესაძლოა საზღვრები უახლოეს მომავალში გაიხსნას. ჩვენ მზად ვართ, არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ, ტექნიკურადაც, დღეიდან უზრუნველვყოთ სატვირთო მანქანების ტრანზიტი სომხეთის ტერიტორიის გავლით თურქეთიდან აზერბაიჯანში და აზერბაიჯანიდან თურქეთში.


ამისთვის მზადაა სომხეთში როგორც გზები, ასევე, სასაზღვრო ინფრასტრუქტურა მარგარა-ეღვარდ-სისიანი-გორისის მარშრუტზე. პოლიტიკურად, ჩვენ ასევე მზად ვართ, უზრუნველვყოთ მსგავსი ტრანზიტი სომხეთის ტერიტორიის გავლით ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის ძირითად ნაწილს შორის ორივე მიმართულებით. თუმცა ტექნიკურად, ინფრასტრუქტურის ნაკლებობის გამო ჯერ არ ვართ მზად.


ჩვენ ასევე პოლიტიკურად მზად ვართ, რომ უზრუნველვყოთ რკინიგზის ტრანზიტი თურქეთსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის, ასევე, თურქეთსა და აზერბაიჯანის ძირითად ნაწილს შორის, მაგრამ ამ რკინიგზის მონაკვეთებს რემონტი ან რეკონსტრუქცია სჭირდება. დარწმუნებული ვართ, რომ ეს ტექნიკური საკითხები მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში მოგვარდება.


უახლოეს მომავალში სომხეთის ტერიტორიაზე გაივლის მილსადენები, ასევე, აზერბაიჯან-სომხეთი-თურქეთის დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზები. როგორც უკვე აღვნიშნე, უზრუნველყოფილი იქნება სარკინიგზო და საავტომობილო კავშირებიც. ეს ყველაფერი TRIPP პროგრამის ფარგლებში განიხილება. ჩვენ ასევე ვაწარმოებთ შესაბამის მოლაპარაკებებს თურქეთთან და აზერბაიჯანთან. ჩვენ ასევე ვმუშაობთ შეერთებულ შტატებთან ამ შეთანხმებების განსახორციელებლად.


ამ ყველაფრის რეალიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დამყარებული მშვიდობა, რომელიც ვაშინგტონის სამიტის მეშვეობით იქნა მიღწეული. ჩვენ ვმუშაობთ, რათა მშვიდობა აზერბაიჯანთან უფრო მეტად ინსტიტუციურ დონეზე გადავიდეს. ვმუშაობთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების შესახებ, ვაშინგტონის წინასწარ ხელმოწერილი შეთანხმების ხელმოწერისა და რატიფიკაციის მიმართულებით. პარალელურად, ყველა სატრანსპორტო კავშირი თანდათანობით გაიხსნება, რაც ისტორიულ ცვლილებებს მოიტანს ჩვენს რეგიონში.


მე მსმენია მოსაზრებები იმის შესახებ, რომ ჩვენს რეგიონში სატრანსპორტო პროექტებს შორის ერთგვარი კონკურენციაა. მე კატეგორიულად არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას, რადგან ჩვენს რეგიონში სატრანსპორტო მარშრუტები ერთმანეთს ავსებს და ზრდის სამხრეთ კავკასიის სატრანზიტო პოტენციალს. ვაშინგტონის დეკლარაციის მესამე პუნქტში ნახსენებია სპარსეთის ყურე-შავი ზღვის რკინიგზის გახსნა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის არამხოლოდ სომხეთის, არამედ, საქართველოსა და აზერბაიჯანის პოტენციალს.


სომხეთსა და თურქეთს შორის დიალოგი, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დამყარებული მშვიდობა, TRIPP პროგრამა და საქართველოსა და ირანის მეგობრული ურთიერთობები რეგიონის ქვეყნებთან სამხრეთ კავკასიას ყველაზე მიმზიდველ სატრანზიტო კორიდორად აქცევს ჩრდილოეთ-სამხრეთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი რეგიონის ყველა ქვეყნის ინფრასტრუქტურა გადატვირთული იქნება, მაშინაც კი, თუ ის ამჟამად არასაკმარისია ამ მზარდი ნაკადების დასამუშავებლად.


უზარმაზარი საერთაშორისო ინტერესი, რომელიც ახლა სამხრეთ კავკასიაზეა ორიენტირებული, არის კაპიტალი, რომელიც ჩვენ - სომხეთმა, საქართველომ და აზერბაიჯანმა - სწორად უნდა გამოვიყენოთ რეგიონული განვითარებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ჩვენ საბოლოოდ გვაქვს ისტორიული შესაძლებლობა, უზრუნველვყოთ არამხოლოდ მშვიდობა, არამედ, სამხრეთ კავკასიის კეთილდღეობა და განვითარებაც. ბოლოს და ბოლოს, მშვიდობა, კეთილდღეობა და განვითარება კომერციული ტვირთების, მილსადენების და ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების განუყოფელი თანამგზავრებია - და პირიქით. კომერციული ტვირთები, მილსადენები და ელექტროენერგიის ხაზები... მშვიდობისა და კეთილდღეობის მუდმივი თანამგზავრები. ჩვენს რეგიონში მშვიდობა დადგა და ჩვენ მხოლოდ ტვირთბრუნვის გაზრდა, მილსადენებისა და ელექტროგადამცემი ხაზების გაფართოება და სამხრეთ კავკასიის კეთილდღეობისა და განვითარების უზრუნველყოფა დაგვრჩა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს მშვიდობას, რაც თავის მხრივ, გაზრდის სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის კეთილდღეობისა და განვითარების მოცულობასა და ტემპს. მე მჯერა, რომ სამხრეთ კავკასიის სამ ლიდერს საკმარისი ნება და სიბრძნე აქვს, რომ იმუშაოს არამხოლოდ ინდივიდუალურად, არამედ, ერთადაც, რა თქმა უნდა, ჩვენს სხვა მეზობლებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით,“ - განაცხადა ფაშინიანმა. 

ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა უნდა განავითარონ ურთიერთობები და კაპიტალად აქციონ, რათა რეგიონს ჰქონდეს სტაბილურობა.