აშშ-მ უკრაინას რუსეთის სიღრმეში შორი რადიუსის რაკეტების გამოყენებაზე შეზღუდვა მოუხსნა - WSJ

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გააუქმა ძირითადი შეზღუდვა, რომელიც უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის დასავლური შორი მოქმედების რაკეტების გამოყენებას ზღუდავდა, იტყობინება The Wall Street Journal-ი. გამოცემა, აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეს გადაწყვეტილება უკრაინას საშუალებას აძლევს, დაარტყას მტრის სამხედრო სამიზნეებს რუსეთის სიღრმეში.


კერძოდ, კიევს შეუძლია, გამოიყენოს ბრიტანული Storm Shadow რაკეტები, რომელთა მოქმედების რადიუსი 180 მილზე (თითქმის 300 კმ) მეტია. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ეს რაკეტა ბრიანსკში ქიმიურ ქარხანაზე იერიშისას გამოიყენა.


ეს გადაწყვეტილება მიღებულია მას შემდეგ, რაც ასეთი ოპერაციების დამტკიცების კონტროლი აშშ-ის თავდაცვის მდივნისგან ევროპაში ამერიკული ძალების სარდლობას გადაეცა.


აშშ-მ არ დაადასტურა, გეგმავს თუ არა უკრაინისთვის ამერიკული Tomahawk რაკეტების მიწოდებას. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსებს ეშინიათ არა იმდენად თავად „ტომაჰავკის“ რაკეტების, არამედ იმის, თუ როგორ შეძლებს უკრაინა მათ სხვა შეიარაღებასთან შერწყმას. მანვე აღნიშნა, რომ ამ რაკეტების მიწოდების შესაძლებლობის ხსენებაც კი კრემლში პანიკას იწვევს.


განახლება: აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სიცრუეს უწოდებს WSJ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ უკრაინას შორი რადიუსის რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებაზე შეზღუდვებს უხსნის.