თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკის და დონალდ ტრამპის შეხვედრა დასრულდა. ზელენსკის თქმით, უკრაინას შეუძლია, აშშ-ს დრონები მიაწოდოს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების, „ტომაჰავკის“, სანაცვლოდ. ტრამპმა შეხვედრის დასაწყისში აღნიშნა, რომ მისთვის „პატივია“ ზელენსკისთან ერთად ყოფნა. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი „ძალიან ძლიერი ლიდერია“, რომელმაც „ბევრი რამ გადაიტანა.“ ტრამპის თქმით, ის და ზელენსკი განიხილავენ გუშინდელ სატელეფონო საუბარს პუტინთან და უნგრეთში დაგეგმილ სამიტს. ზელენსკიმ ტრამპს მიულოცა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა და განაცხადა, რომ მისი დახმარებით შესაძლებელია ომის დასრულება.
- ზელენსკი: „გვესმის, რომ პუტინი მზად არ არის. ვფიქრობ, რომ ის მზად არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი დახმარებით, ჩვენ შეგვიძლია ამ ომის შეჩერება. „ჩვენ ვხედავთ, რომ მათ ბრძოლის ველზე წარმატებული ნაბიჯები არ გადადგეს და ეს კარგია. ვფიქრობ, რომ მათი არმია ახლა სუსტია და იქ ბევრი დანაკარგი აქვს.“
„რა თქმა უნდა, ამ ომის დასრულება გვსურს, მაგრამ ეს სხვანაირი ომია, ტექნოლოგიური ომია. მხოლოდ Tomahawk-ს [რაკეტებს] არ იყენებ, თუ სამხედრო სამიზნის დაბომბვა გსურს, ათასობით დრონი გჭირდება, რომლებიც ერთად მიფრინავენ მსგავს რაკეტებთან. უკრაინას აქვს საკუთარი წარმოების ათასობით მსგავსი დრონი, მაგრამ Tomahawk-ები არ გვაქვს.
ამიტომ გვჭირდება Tomahawk-ები. მაგრამ აშშ-ის ძალიან ძლიერი წარმოება, Tomahawk-ები და სხვა რაკეტები აქვს, ძალიან ძლიერი რაკეტები. მაგრამ მათ შეუძლიათ, ჩვენი ათასობით დრონი ჰქონდეთ. ამიტომ, ერთად მუშაობა შეგვიძლია, შეგვიძლია ამერიკული წარმოების გაძლიერება. ეს მხოლოდ სამხედრო მიზნების შესახებაა, მხოლოდ სამხედრო მიზნების შესახებ,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ჟურნალისტის კითხვა, დაინტერესებულია თუ არა უკრაინული დრონებით, დონალდ ტრამპმა უპასუხა: „კი, ვართ. ბევრი დრონი გვაქვს, ჩვენს დრონებს ვაწარმოებთ, მაგრამ ასევე სხვებისგან ვყიდულობთ დრონებს და ისინი ძალიან კარგ დრონებს აკეთებენ.“