Reuters: თურქეთი რუსული ნავთობის იმპორტს ამცირებს

თურქეთის უმსხვილესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო დროს დაწესებული დასავლური სანქციების საპასუხოდ, მეტი რაოდენობით არარუსული ნავთობის შესყიდვა დაიწყეს.

ინფორმაცია Reuters-მა საკითხთან უშუალოდ დაკავშირებულ ორ პირსა და ინდუსტრიის რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.


წყაროების ცნობით, თურქეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, SOCAR Turkey Aegean Refinery-მ (STAR), რომელიც აზერბაიჯანულ კომპანია SOCAR-ს ეკუთვნის, ცოტა ხნის წინ დეკემბრის მიწოდებისთვის ერაყიდან, ყაზახეთიდან და სხვა არარუსული მწარმოებლებიდან ნავთობის ოთხი პარტია შეიძინა.


Reuters-ის გათვლებით, ეს არარუსული მარაგების 77,000–129,000 ბარელს შეადგენს დღეში, რაც იმას ნიშნავს, რომ SOCAR -ი ნაკლებ რუსულ ნავთობს გამოიყენებს.

კიდევ ერთი მსხვილი თურქული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, Tupras, ზრდის არარუსული წარმოების ნავთობპროდუქტების შესყიდვებს.


წყაროების ცნობით, Tupras-ი, რომელიც თურქეთში ორ მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ფლობს, სავარაუდოდ, მალე სრულად შეწყვეტს რუსული ნავთობის იმპორტს თავის ერთ-ერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რათა გააგრძელოს საწვავის ექსპორტი ევროპაში ევროკავშირის ახალი სანქციების დარღვევის გარეშე.


თურქეთი რუსეთის ერთ-ერთი მთავარი ნავთობის შემსყიდველია ჩინეთთან და ინდოეთთან ერთად. 25 სექტემბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქეთის ლიდერ რეჯეფ ერდოღანთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მას სურს, რომ ანკარამ შეწყვიტოს რუსული ნავთობის შეძენა.