სერბეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სერბეთის საბრძოლო მასალის მარაგი სავსეა და მან ევროკავშირს გრძელვადიანი მიწოდების კონტრაქტები შესთავაზა. ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ მყიდველებს შეუძლიათ საბრძოლო მასალის გამოყენება „როგორც სურთ“, მათ შორის - უკრაინაში.
„მიუხედავად იმისა, რომ არ მინდა, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, თითქოს, ომში მყოფ ქვეყანას საბრძოლო მასალით ვამარაგებ, ევროპას საბრძოლო მასალა სჭირდება. შევთავაზე ჩვენს მეგობრებს ევროპაში, შეთანხმება დადონ და ჩვენგან შეიძინონ ყველაფერი, რაც გვაქვს. ეს გრანდიოზული წვლილი იქნება ევროპის უსაფრთხოებისთვის,“ – განაცხადა ვუჩიჩმა.
როდესაც ჰკითხეს სერბეთიდან შეძენილი საბრძოლო მასალის უკრაინაში გადაცემის შესაძლებლობის შესახებ, ვუჩიჩმა უპასუხა, რომ მყიდველებს შეეძლებათ, რაც სურთ, ის გააკეთონ.
„გრძელვადიანი კონტრაქტები გვჭირდება. ყოველთვის ვამბობდი, რომ სერბეთი ნეიტრალური ქვეყანაა, მაგრამ აბსოლუტურად მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ევროპელებთან,“ – აღნიშნა სერბეთის პრეზიდენტმა.
ის ამჟამად ევროპული ქვეყნებისგან პასუხს ელოდება.