ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან შეხვედრები გრძელდება. ოპოზიციის ინფორმაციით, კრისტიან დანიელსონი საქართველოში იქამდე დარჩება, ვიდრე შეთანხმება არ მოხდება.
როგორც დანიელსონთან აუდიენციის შემდეგ ,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, მოლაპარაკებები არ სრულდება, ვიდრე არ მივლენ შეთანხმებამდე, ან რომელიმე მხარე ღიად არ განაცხადებს, რომ მათ არ სურთ შეთანხმება.
ბაქრაძის თქმითვე, შეთანხმება მიღწეული უნდა იყოს ექვსივე თემაზე, რომელიც დოკუმენტშია, მათ შორის რიგგარეშე არჩევნებზე და პოლიტპატიმრების გამოშვებაზე.
,,მთავარი, რაც მოვისმინეთ ამ შეხვედრაზე, გახლავთ ის, რომ მოლაპარაკებები არ სრულდება და უფრო მეტიც, ბატონი დანიელსონი აქ იქნება, ვიდრე მხარეები არ მივლენ შეთანხმებამდე, ან რომელიმე მხარე ღიად არ განაცხადებს, რომ მათ არ სურთ შეთანხმება.
მოლაპარაკება გულისხმობს, რომ ყველა მხარე მზად უნდა იყოს კომპომისებისთვის და მზად უნდა იყოს მოქნილობისთვის. რა თქმა უნდა, არსებობს პრინციპული და ღირებული საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც კომპრომისი და მოქნილობა ვერ შეეხება საკითხის შინაარსს, მაგრამ შეიძლება მსჯელობა საკითხის ფორმაზე, შეიძლება მსჯელობა საკითხის გადაწყვეტის გზაზე. შინაარსისგან დამოუკიდებლად ყოველთვის არსებობს, თუ გაქვს სურვილი, გზები, რათა მოძებნო კომპრომისი და იყო მოქნილი. ამიტომ, ამ მოლაპარაკებაში ბატონი მიშელის დატოვებულ ექვსივე პუნქტში არის ექვსი ძალიან მნიშვნელოვანი თემა, სადაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვერც ერთი თემის იგნორირება ვერ მოხდება და ეს არ იქნება სწორი.
შეთანხმება მიღწეული უნდა იყოს ექვსივე თემაზე, რომელიც დოკუმენტშია, მათ შორის რიგგარეშე არჩევნებზე და პოლიტპატიმრების გამოშვებაზე. ოღონდ ვიმეორებ, თუ მოლაპარაკებაში ხარ პასუხისმგებლიანად, ყოველთვის არსებობს იმის საშუალება, რომ ფორმაზე დათმობის გარეშე მოახერხო და პროცესთან დაკავშირებით მიხვიდე მხარეებისთვის მისაღებ შეთანხმებაზე, ეს პროცესი მიდის ახლა“, - განაცხადა ბაქრაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის შეფასებით კი, მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით დასრულდება და ამის ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს ის, რომ ევროკავშირმა საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი ჩადო ამ პროცესში.
სამადაშვილის თქმით, მედიატორმა განაცხადა, რომ დარჩება მოლაპარაკების პროცესში იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება შედეგის დადებას.
მისივე თქმით, იმედი აქვს, თუ „ქართული ოცნება“ შესაბამის პოლიტიკურ ნებას გამოავლენს, მოლაპარაკებებში უახლოეს მომავალში პროგრესი ექნებათ
„პირველ რიგში, მინდა, ვთქვა, რა მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდება. ამის საფუძველს მაძლევს პირველ რიგში ის, რომ ევროკავშირმა საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი დადო ამ პროცესში. ამის ძალიან ნათელი გზავნილი მივიღეთ ჩვენ დღეს, როდესაც მედიატორმა განაცხადა, რომ ის დარჩება ამ პროცესში იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება შედეგის დადებას.
ანუ, თუ „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა რამე ილუზია, რომ ევროპულ მხარეს მოსწყინდებოდა მედიაციის პროცესის ბოლომდე მიყვანა, ჩვენ ძალიან ნათლად ვხედავთ, რომ ევროკავშირმა საკუთარ პოლიტიკურ ამოცანად აქცია მედიაციის პროცესის კონკრეტული შედეგით დასრულება.
მინდა, საზოგადოებას ესმოდეს, ოპოზიცია ამ პროცესში მონაწილეობს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესების დასაცავად, მათ შორის ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის დასაბრუნებლად იმ ფორმით, როგორიც უნდა იყოს ევროპულ სახელმწიფოში. ჩვენ ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ მონაწილეობა პროცესში, ვიდრე არ მივალთ შედეგამდე. ხელისუფლება, ღარიბაშვილი მიემგზავრება ბრიუსელში, მე ვფიქრობ, რომ ის მიიღებს გარკვეულ გზავნილებს ბრიუსელში ევროპული მხრიდან და ვნახოთ, შესაბამისად როგორ შეიცვლება, თუ არ შეიცვლება „ქართული ოცნების“ პოზიცია, მაგრამ კომპრომისის მიღწევა ცხადია, რომ ორივე მხრიდან მოითხოვს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას“, – განაცხადა სამადაშვილმა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კი განაცხადა, რომ დანიელსონი შეეცდება, დარჩეს საქართველოში, ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრა არ მოხდება.
„რა არის კარგი ამბავი? - კარგი ამბავი არის ის, რომ ბატონი დანიელსონი შეეცდება, მანამ იყოს საქართველოში, ვიდრე შეხვედრა არ მოხდება. მეორე, რომ გითხრათ, დღეს რამე განსხვავებული კუთხით წინ წავიწიეთ, ეს ასე არ არის. მივესალმები, რომ მოლაპარაკება არ შეფერხდა. ის, რაც გუშინ საღამოს „ქართული ოცნებისგან“ მოვისმინეთ, ძალიან ცუდია ქვეყნისთვის. მოლაპარაკებები გაგრძელდება. ოპოზიცია მზად ვართ რაციონალური კომპრომისებისთვის. დოკუმენტის შინაარსზე, სამწუხაროდ, ვერ ვსაუბრობ, მაგრამ მინდა ჩვენს ყველა მხარდამჭერს ვუთხრა, რომ მაქსიმალურად ვიცავთ იმ პოზიციას, რა მანდატიც თქვენგან გვაქვს. ყველანაირად დავიცავთ ჩვენს ძირითად საკითხებს. სიტუაცია მარტივი არ არის. შეიძლება ჩვენი შეხვედრა უკვე იყოს ხვალ და არა დღეს. გაერთიანებული იქნება თუ ცალკე, დაზუსტდება. არის ბევრი საკითხი, რაზეც აზრთა სხვადასხვაობაა. მაგრამ უახლოეს დღეებში პროცესის დასრულებამდე უნდა მივიდეთ“, - განაცხადა ვაშაძემ.
ვაშაძისთვის წინასწარ უცნობია, რაზე იქნება საბოლოო შეთანხმება, თუმცა, აცხადებს, რომ წარმოუდგენელია, პატიმრები ისევ ციხეში დატოვონ.
„დოკუმენტზე, რომელზეც ვმუშაობთ, არ არის არც ოპოზიციის და არც „ქართული ოცნების“ დოკუმენტი. ეს არის მედიატორების, ევროსაბჭოს პრეზიდენტის სახელით შემოთავაზებული დოკუმენტი, რომელსაც ამერიკის მხარე ეთანხმება. შესაბამისად, დოკუმენტზე, რომელზეც გვესაუბრებიან, ჩვენც ბევრი კითხვა გვაქვს და მეორე მხარესაც შეიძლება ჰქონდეს.
დანიელსონის დარჩენა ნიშნავს, რომ ვერც ერთი მხარე შეთანხმებას ვერ გაექცევა. ევროკავშირისთვის ერთია, რომ საქართველოს შიდა სტაბილიზაცია უნდა მოხდეს, ევროპული ინტეგრაცია, მაგრამ შეგახსენებთ შარლ მიშელის ნათქვამს წინა ვიზიტზე, რომ ახლო პერიოდში მოსალოდნელია გარკვეული პრობლემები რეგიონში, შესაბამისად, ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ძალიან სწრაფად მოხერხდეს შიდა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა ქვეყანაში. ამიტომაც არის ლამის ყოველდღიური, ინტენსიური ჩართულობა.
საბოლოო შეთანხმება რაზე იქნება, ვერ გეტყვით, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, რომ პატიმრები ისევ ციხეში დავტოვოთ. რა იქნება სხვა მხრიდან, ამას ვიტყვით. ადამიანს ციხეში ვერ დავტოვებთ! როგორ წარმოგიდგენიათ ეს გავაკეთოთ?!“, - განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ვიზიტი გაახანგრძლივა.
დანიელსონის თქმით, მოლაპარაკებების პროცესს მეტი დრო სჭირდება.