უკრაინის პრეზიდენტი ერისადმი ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ ახლა უკრაინის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტია.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ახლა უკრაინაზე ზეწოლა ერთ-ერთი ყველაზე რთულია.
მისი თქმით, ახლა უკრაინა შეიძლება, ძალიან რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს - ან ღირსების დაკარგვა, ან მთავარი პარტნიორის დაკარგვის რისკი.
„ახლა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ურთულესი მომენტია. ახლა უკრაინაზე ზეწოლა ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა. ახლა უკრაინა შეიძლება, ძალიან რთული არჩევანის წინაშე დადგეს - ან ღირსების დაკარგვა, ან საკვანძო პარტნიორის დაკარგვის რისკი. ან შემადგენელი 28 პუნქტი, ან უკიდურესად მძიმე ზამთარი, უმძიმესი, და შემდგომი რისკები. თავისუფლების, ღირსებისა და სამართლიანობის გარეშე ცხოვრება, და რომ გვჯეროდეს იმისა, ვინც უკვე ორჯერ დაგვესხა თავს. ჩვენგან პასუხს მოელიან, თუმცა სინამდვილეში, მე ეს უკვე გავაკეთე. 2019 წლის 20 მაისს, როდესაც უკრაინისადმი ერთგულების ფიცი დავდე. კერძოდ, ვთქვი, რომ მე, ვოლოდიმირ ზელენსკი, ხალხის ნებით არჩეული უკრაინის პრეზიდენტი, ვფიცავ, რომ ყველა ჩემს ქმედებაში დავიცავ უკრაინის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, დავიცავ მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს, დავიცავ უკრაინის კონსტიტუციასა და კანონებს, შევასრულებ ჩემს მოვალეობებს ყველა თანამემამულის ინტერესებიდან გამომდინარე და ავამაღლებ უკრაინის ავტორიტეტს მსოფლიოში. ჩემთვის ეს არ არის პროტოკოლური ფორმალობა - ეს არის ფიცი. და ყოველდღე ერთგული ვარ მისი ყოველი სიტყვის. არასდროს ვუღალატებ მას. უკრაინის ეროვნული ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული,“ – განაცხადა ზელენსკიმ.
„ჩვენ არ ვაკეთებთ ხმამაღალ განცხადებებს. ჩვენ მშვიდად ვიმუშავებთ ამერიკასთან და ყველა ჩვენს პარტნიორთან. ჩვენ კონსტრუქციულად ვეძებთ გადაწყვეტილებებს ჩვენს მთავარ პარტნიორთან. მე წარმოვადგენ არგუმენტებს, დავარწმუნებ, შევთავაზებ ალტერნატივებს, მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ მივცემთ მტერს რაიმე საბაბს საიმისდო, რომ თქვას - უკრაინას არ სურს მშვიდობა, ის არღვევს პროცესს და რომ უკრაინა არ არის მზად დიპლომატიისთვის,“ – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
დასავლური მედიის ცნობით, ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ მიხედვით, „რუსეთი მეზობელ ქვეყნებში არ შეიჭრება, NATO არ გაფართოვდება, ყირიმი, ლუგანსკი და დონეცკი დე ფაქტო აღიარებულნი იქნებიან რუსულ რეგიონებად“. აშშ მოითხოვს, რომ უკრაინა გეგმას 27 ნოემბრამდე დაეთანხმოს. ზელენსკიმ 21 ნოემბერს სატელეფონო საუბარი გამართა გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და ბრიტანეთის პრემიერმინისტრ კირ სტარმერთან, მოგვიანებით კი, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან.
„ყველას გვსურს, რომ ეს ომი დასრულდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორ დასრულდება. რუსეთს არანაირი იურიდიული უფლება არ აქვს, რაიმე დათმობები მოითხოვოს იმ ქვეყნისგან, რომელშიც ის შეიჭრა. საბოლოო ჯამში, ნებისმიერი შეთანხმების პირობები უკრაინამ უნდა განსაზღვროს,“ - განუცხადა თავის მხრივ, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითებში უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ჟურნალისტებს.