ევროკავშირმა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის სტატუსი მიანიჭა

ევროკომისიამ 235 საზღვრისპირა ენერგეტიკულ პროექტს საერთო ინტერესის პროექტების (PCI) და ორმხრივი ინტერესის პროექტების (PMI) სტატუსი მიანიჭა - ეს 2023 წლის შემდეგ მეორე ასეთი სიაა. შერჩეულ პროექტებს ევროკავშირის დაფინანსების მისაღებად განაცხადის შეტანა შეეძლებათ.


2022 წლის 17 დეკემბერს აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას, რომელიც მოიცავს შავი ზღვის ქვეშ 1000 მეგავატიანი წყალქვეშა ენერგეტიკული კაბელის მშენებლობის გეგმებს, რომლის სიგრძე 1195 კილომეტრია.


ეს კაბელი აზერბაიჯანსა და საქართველოში გამომუშავებულ მწვანე ელექტროენერგიას რუმინეთში გადასცემს, ხოლო შემდგომ ტრანსპორტირებას უნგრეთსა და ევროპის დანარჩენ ნაწილში მოახდენს, რაც გააძლიერებს ევროპის წვდომას კავკასიის რეგიონიდან განახლებად ენერგიაზე. ბულგარეთმაც გამოთქვა ინტერესი პროექტში მონაწილეობის მიმართ. 2024 წლის სექტემბერში, რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორმა „ტრანსელექტრიკამ“, საქართველოს გადამცემი სისტემის ოპერატორმა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“, აზერბაიჯანის ენერგოკომპანია „აზერენერჯიმ“ და უნგრეთის ენერგოკომპანია „MVM“-მა შავი ზღვის ქვეშ წყალქვეშა კაბელის გაყვანისთვის ერთობლივი ფირმა შექმნეს.