აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგიის თანახმად, რომელიც ვაშინგტონის ტრანსატლანტიკური მოკავშირეების მიმართ უჩვეულოდ კრიტიკული ტონით გამოირჩევა, აშშ-ის პოლიტიკამ ევროპაში ევროპული ქვეყნების „მიმდინარე ტრაექტორია“ უნდა „გამოასწოროს.“ დოქტრინის შინაარსი ხაზს უსვამს საგარეო პოლიტიკის ცვლილებას ტრამპის მეორე ადმინისტრაციის დროს, რომელიც ტრადიციული ტრანსატლანტიკური ურთიერთობებიდან უფრო იდეოლოგიურად დასაბუთებული პრიორიტეტებისკენ გადადის. დოკუმენტში აშშ ევროკავშირს და „სხვა ტრანსნაციონალურ ორგანოებს“ ადანაშაულებს „ცივილიზაციის წაშლაში“ - მიგრაციული პოლიტიკისა და ცენზურის მეშვეობით, რაც იწვევს „ეროვნული იდენტობისა და თავდაჯერებულობის დაკარგვას.“
დოკუმენტში ასევე წერია, რომ ევროპამ უნდა ისწავლოს „საკუთარ ფეხზე დგომა“ და აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავდაცვაზე, რაც მას საშუალებას მისცემს, დაიცვას თავი „ნებისმიერი მოწინააღმდეგე ძალისგან“. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აშშ-ის დიპლომატიური ჩართულობა აუცილებელია ევროპულ ქვეყნებსა და მოსკოვს შორის კონფლიქტის რისკის შესამცირებლად. სტრატეგია ასევე კრიტიკულად უყურებს NATO-ს გაფართოებას და ამბობს, რომ დროა, დასრულდეს აღქმა, რომ „NATO მუდმივად გაფართოებადი ალიანსია.“
სტრატეგიაში, რომელიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დღეს გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ შეერთებული შტატების ძირითადი ინტერესია უკრაინაში საომარი მოქმედებების სწრაფად შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების წარმოება, ევროპის ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის, ომის გაუთვალისწინებელი ესკალაციის ან გაფართოების თავიდან ასაცილებლად და რუსეთთან სტრატეგიული სტაბილურობის აღსადგენად.
ასევე, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას უკრაინის საომარი მოქმედებების შემდგომი რეკონსტრუქცია, რათა ის გადარჩეს, როგორც სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფო. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აშშ-ს სურს, ევროპა დარჩეს ევროპული და დაიბრუნოს ცივილიზაციური თავდაჯერებულობა.
„თავდაჯერებულობის ეს ნაკლებობა ყველაზე თვალსაჩინოა ევროპისა და რუსეთს შორის ურთიერთობაში. ევროპელი მოკავშირეები თითქმის ყველა ასპექტით, ბირთვული იარაღის გარდა, რუსეთთან შედარებით მნიშვნელოვან უპირატესობას ფლობენ. უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად, ევროპისა და რუსეთს შორის ურთიერთობები ამჟამად ღრმად არის შესუსტებული და ბევრი ევროპელი რუსეთს ეგზისტენციალურ საფრთხედ მიიჩნევს. ევროპისა და რუსეთს შორის ურთიერთობების მართვა აშშ-ს მნიშვნელოვან დიპლომატიურ ჩართულობას მოითხოვს, როგორც ევრაზიის ტერიტორიაზე სტრატეგიული სტაბილურობის აღსადგენად, ასევე რუსეთსა და ევროპულ სახელმწიფოებს შორის კონფლიქტის რისკის შესამცირებლად,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.
ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის თანახმად, ტრამპის ადმინისტრაცია კონფლიქტშია ევროპელ მაღალჩინოსნებთან, რომლებსაც „ომის მიმართ არარეალური მოლოდინები აქვთ, რომელთაგან ბევრი დემოკრატიის ძირითად პრინციპებს თელავს ოპოზიციის ჩასახშობად.“ დოკუმენტის თანახმად, “ევროპის დიდი უმრავლესობა მშვიდობას ითხოვს, თუმცა ეს სურვილი პოლიტიკად არ იქცევა, დიდწილად ამ მთავრობების მიერ დემოკრატიული პროცესების ჩახშობის გამო. ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის, სწორედ იმიტომ, რომ ევროპული სახელმწიფოები ვერ შეძლებენ საკუთარი თავის რეფორმირებას, თუ ისინი პოლიტიკურ კრიზისში აღმოჩნდებიან.“
„შეერთებული შტატების ძირითადი ინტერესია უკრაინაში საომარი მოქმედებების სწრაფად შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების წარმოება, ევროპის ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის, ომის გაუთვალისწინებელი ესკალაციის ან გაფართოების თავიდან ასაცილებლად და რუსეთთან სტრატეგიული სტაბილურობის აღსადგენად. ასევე იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას უკრაინის საომარი მოქმედებების შემდგომი რეკონსტრუქცია, რათა ის გადარჩეს, როგორც სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფო. უკრაინის ომმა უარყოფითი შედეგი გამოიღო და გაზარდა ევროპის, განსაკუთრებით გერმანიის, საგარეო დამოკიდებულება. დღეს გერმანული ქიმიური კომპანიები ჩინეთში აშენებენ მსოფლიოში უდიდეს გადამამუშავებელ ქარხნებს რუსული გაზის გამოყენებით, რომლის მიღებაც მათ სამშობლოში არ შეუძლიათ.“
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროპა სტრატეგიულად და კულტურულად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რჩება შეერთებული შტატებისთვის.
„ამერიკულმა დიპლომატიამ უნდა გააგრძელოს ნამდვილი დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლებისა და ევროპული ერების ინდივიდუალური ხასიათისა და ისტორიის უპირობო აღნიშვნის მხარდაჭერა. ამერიკა მოუწოდებს თავის პოლიტიკურ მოკავშირეებს ევროპაში, ხელი შეუწყონ სულისკვეთების ამ აღორძინებას.
პატრიოტული ევროპული პარტიების მზარდი გავლენა მართლაც დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. ჩვენი მიზანი უნდა იყოს დავეხმაროთ ევროპას მისი ამჟამინდელი ტრაექტორიის გამოსწორებაში. დაგვჭირდება ძლიერი ევროპა, რომელიც დაგვეხმარება წარმატებით კონკურენციაში და ჩვენთან ერთად იმუშავებს, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი მოწინააღმდეგის მიერ ევროპაში გაბატონება,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.