NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის დასაცავად, გერმანია პოლონეთში დამატებით ავიაგამანადგურებლებს აგზავნის. 4 დეკემბერს გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალებმა განაცხადა, რომ ნორვენიხის ავიაბაზიდან Eurofighter-ის ხუთი თვითმფრინავი გაფრინდა და პოლონეთის სამხედრო ავიაბაზისკენ მიემართება.
თვითმფრინავებთან ერთად, გერმანიის შეიარაღებული ძალები ადგილზე აგზავნის დაახლოებით 150 სამხედრო მოსამსახურეს, რომელთა შორის, პილოტების გარდა, არიან ტექნიკური სპეციალისტები, ლოჯისტები, ობიექტების დარაჯები და სამხედრო პოლიციელები.
დასავლური მედიის ცნობით, თვითმფრინავების განლაგება, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, 2026 წლის მარტის ბოლომდე გაგრძელდება, რუსული ავიაგამანადგურებლებითა და დრონებით NATO-ს საჰაერო სივრცის ბოლო დროის დარღვევებზე რეაქციაა.
„ამ მისიით ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს, ჩვენი სწრაფი რეაგირების ესკადრილიასთან ერთად, რომელიც აგვისტოდან რუმინეთში დისლოცირდება, კიდევ ერთი ღირებული წვლილი შეაქვთ ალიანსის ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილის დაცვაში,” - განაცხადა გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალ-ლეიტენანტმა ჰოლგერ ნოიმანმა.
პოლონური F-16 გამანადგურებლები, ჰოლანდიური F-35-ები, იტალიური AWACS-ის სადაზვერვო თვითმფრინავები და NATO-ს სხვა, საჰაერო საწვავის შევსებისთვის განკუთვნილი თვითმფრინავები სექტემბრის შუა რიცხვებში პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონების ჩამოგდების ოპერაციაში ჩაერთნენ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დასავლური სამხედრო ალიანსის წევრმა, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის დროს ცეცხლი გახსნა.
Luftwaffe-ს ცნობით, გერმანული Eurofighter-ები NATO-ს „აღმოსავლეთის გუშაგის“ მისიის ფარგლებში მოქმედებენ და 2026 წლის მარტამდე, მალბორკში, გდანსკიდან დაახლოებით 60 კილომეტრში და მძიმედ შეიარაღებული რუსული ანკლავიდან, კალინინგრადიდან 80 კილომეტრში განლაგდებიან. გერმანიამ ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების მცდელობის ფარგლებში, NATO-ს მიერ რუსეთთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, ასევე გაგზავნა Eurofighter-ის თვითმფრინავები რუმინეთში.