„Report“-ის ცნობით, დეკემბერში „ყაზტრანსოილი“ დაახლოებით 60 000 ტონა ნავთობის ტრანსპორტირებას კასპიის მილსადენების კონსორციუმის (CPC) სისტემიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენზე გადაამისამართებს.
შეგახსენებთ, 29 ნოემბერს, ასტანის დროით 06:06 საათზე, ნოვოროსიისკის პორტთან ახლოს CPC-ის საზღვაო ინფრასტრუქტურის ობიექტებს უპილოტო წყალქვეშა ნავები დაესხნენ თავს. თავდასხმის შედეგად, საზღვაო ნავმისადგომის ობიექტი VPU-2 მნიშვნელოვნად დაზიანდა და სრული რემონტისა და აღდგენითი სამუშაო დასრულებამდე არ მუშაობს.
კასპიის მილსადენის კონსორციუმი ყაზახეთის ნავთობის 80%-ის ექსპორტს ახორციელებს.
გასულ კვირას, თურქეთმა რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებისგან თავი შეიკავონ. ამის შესახებ განცხადება თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალფარსლან ბაირაქტარმა მას შემდეგ გააკეთა, რაც თურქეთის შავი ზღვის სანაპიროსთან რუსული ნავთობით დატვირთულ ტანკერებზე რამდენიმე თავდასხმა მოხდა.
თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის თქმით, თურქეთის სურვილია, რომ, ომის მიუხედავად, ენერგორესურსების მიწოდება დაბრკოლებების გარეშე გაგრძელდეს. მან კონკრეტული მაგალითიც მოიყვანა და დაასახელა კასპიის მილსადენის კონსორციუმის კუთვნილი ინფრასტრუქტურა, რომელიც მისი თქმით, დაცული უნდა იყოს.