ევროკავშირი საქართველოში Alumni ქსელს აფუძნებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის 30-წლისთავთან დაკავშირებით, გაიმართა ღონისძიება, რომელზეც წარმომადგენლობამ ევროკავშირის Alumni ქსელის შექმნის შესახებ გამოაცხადა. ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, შეხვედრას სხვადასხვა ევროპული საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეები ესწრებოდნენ, რამაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მზარდი საგანმანათლებლო და კულტურულ კავშირები საქართველოსა და ევროკავშირს შორის.


ამასთანავე, აღინიშნა, რომ ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და განვითარებაზე ორიენტირებული ურთიერთობა, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს განვითარების, სტაბილურობისა და ევროპული მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერის შედეგია.


საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, დამსწრეებს მიმართა და 30-წლიანი გზის შესახებ ისაუბრა - 1990-იანი წლების ჰუმანიტარული დახმარებიდან დღევანდელ მრავალმხრივ თანამშრომლობამდე, რომელიც მოიცავს ეკონომიკურ ინტეგრაციას, ინსტიტუციურ რეფორმებს, მშვიდობის მშენებლობასა და ხალხთა შორის ურთიერთობებს.


ევროკავშირის ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საგანმანათლებლო მობილობის გავლენასა და ევროკავშირის Alumni ქსელის შექმნის მნიშვნელობას:


“ოცდაათი წლის განმავლობაში, ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას – როგორც კარგ, ისე რთულ დროს. ჩვენ ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ: საქართველო ევროკავშირის ნაწილი უნდა გახდეს. მოვუწოდებ თითოეულ ქართველს, შეინარჩუნოს იმედი, რადგან თქვენი მომავალი ევროპაშია – და ჩვენ ამ გზას ერთად გავაგრძელებთ.”


„ევროკავშირის Alumni ქსელის შექმნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველო–ევროკავშირს შორის ურთიერთობის გაძლიერებისკენ. ქსელი გააერთიანებს გაცვლითი პროგრამების ყოფილ მონაწილეებს, სტუდენტებს, მკვლევრებსა და პროფესიონალებს და მიზნად ისახავს დინამიკური პლატფორმის შექმნას ცოდნის გაზიარებისთვის, თანამშრომლობის ხელშეწყობისა და იმ საერთო ღირებულებების განმტკიცებისთვის, რომლებიც საქართველოსა და ევროკავშირს აერთიანებს,“ - ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.