უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ტერიტორიების საკითხი უკრაინელმა ერმა უნდა გადაწყვიტოს არჩევნებით ან რეფერენდუმით.
„ვთვლი, რომ ამ კითხვაზე უკრაინელმა ერმა უნდა გასცეს პასუხი. არჩევნების ფორმატში ან რეფერენდუმის ფორმატში, მაგრამ უკრაინელი ერის პოზიცია უნდა იყოს.
ვნახოთ, შემდგომ როგორ მოხდება ეს ყველაფერი. ახლა, ვთვლი, რომ რეალურად ბევრი რამ დამოკიდებულია ჩვენს ჯარზე. რისი შეკავება შეუძლიათ უკრაინელ სამხედროებს, როგორ შეუძლიათ დგომა, სად შეუძლიათ ოკუპანტის განადგურება. ამას მთელ დიპლომატიურ კონსტრუქციაზე აქვს გავლენა,” - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთს მთელ დონბასზე სურს კონტროლის მოპოვება, რასაც კიევი არ დაეთანხმება.
ზელენსკის თქმით, ამერიკელები რაღაც ფორმატს ეძებენ.
ისინი განიხილავდნენ საკითხს „თავისუფალ ეკონომიკურ ზონასთან“ დაკავშირებით. ამერიკელები ასე ეძახიან ამას, ხოლო რუსები - „დემილიტარიზებულ ზონას,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის პოზიციაა, რომ სამხედროები იქ დარჩნენ, სადაც ახლა იმყოფებიან შეხების ხაზზე. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამერიკელები უკრაინისა და რუსეთის პოზიციებში უთანხმოებას ხედავენ და „კომპრომისს“ სთავაზობენ.
„ისინი ხედავენ ისე, რომ უკრაინელი სამხედროები დონეცკის ოლქის ტერიტორიიდან გადიან და კომპრომისი თითქოსდა იმაშია, რომ რუსი სამხედროები არ შედიან დონეცკის ოლქის ამ ტერიტორიაზე. ვინ იქნება ამ ტერიტორიის მმართველი, რომელსაც ისინი უკვე ეძახიან „თავისუფალ ეკონომიკურ ზონას“ ან „დემილიტარიზებულ ზონას“ - მათ არ იციან. დაახლოებით ასე გამოიყურება ახლა ამერიკის შეერთებული შტატების კომპრომისული ხედვა… უნდა გავაგრძელოთ საუბარი და ვცადოთ ყველა კითხვაზე პასუხები ვიპოვოთ ისე, რომ ყველაფერი უფრო ადეკვატურად იყოს. მაგალითად, ესენი გავიდნენ 5 კილომეტრით, ისინიც - 5 კილომეტრით. თუ ერთი გავიდა 10 კილომეტრით, მაშინ მეორეც - 10 კილომეტრით. ისევე, როგორც ეს ყველა ომში ხდება, უნდა იყოს რაღაც მონიტორინგი,” - განაცხადა ზელენსკიმ.