Reuters: რუსეთის მიერ ნავთობისგან და გაზისგან მიღებული მოგება მინიმუმამდე ეცემა

Reuters-ის ცნობით, რუსეთის სახელმწიფო სექტორის მიერ ნავთობისგან და გაზისგან დეკემბერში მიღებული მოგება, სავარაუდოდ, თითქმის განახევრდება გასულ წელთან შედარებით, რაც ნედლი ნავთობის ფასის კლებით და რუბლის გამყარებითაა გამოწვეული.


სააგენტო წერს, რომ დეკემბრის მოგება 410 მილიარდი რუბლის, ანუ ხუთ მილიარდ დოლარზე ცოტა მეტის ოდენობის იქნება; ეს არის მინიმალური მონაცემი 2020 წლის აგვისტოდან - როცა ენერგომატარებლების გაყიდვები პანდემიის გამო შემცირდა და 405 მილიარდი რუბლი შეადგინა.


სააგენტოს გათვლებით, მთელი წლის მოგება თითქმის მეოთხედით შემცირდება და 8,44 ტრილიონ რუბლს გაუტოლდება, რაც ნაკლებია რუსეთის ფინანსთა სამინისტროს გათვლებთან შედარებით.

„სამინისტრო 8,65 ტრილიონი რუბლის მიღებას ვარაუდობდა,“ - წერს Reuters-ი.

ნავთობითა და გაზით მოპოვებული მოგება კრემლისთვის შემოსავლის მთავარი წყაროა. ფედერალური ბიუჯეტი მასშტაბურად იხარჯება თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში  შეიჭრა.