ბელორუსმა 123 პატიმარი გაათავისუფლა

ბელორუსმა სხვადასხვა ეროვნების 123 პატიმარი გაათავისუფლა. შესაბამის ინფორმაციას სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს. გათავისუფლებულთა შორის არიან ოპოზიციონერი მარია კოლესნიკავა და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ვიქტორ ბაბარიკა. საპატიმრო დატოვა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა ალეს ბიალიაცკიმ. 


„ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში და მისი თხოვნით, სხვადასხვა ქვეყნის 123 მოქალაქე შეიწყალა,“ - აცხადებს ბელორუსის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.


„ბელტას“ ცნობით, გათავისუფლებულ პატიმრებს შორის დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, ლიეტუვის, უკრაინის, ლატვიის, ავსტრალიისა და იაპონიის მოქალაქეები არიან. აშშ-მ "ბელარუსკალიი" სანქციების ნუსხაში 2021 წლის აგვისტოში შეიყვანა. ეს კომპანია არის კალიუმის სასუქის უმსხვილესი მაწარმოებელი ევროპაში. სანქციები დაწესდა ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნების წლისთავზე - ეს კენჭისყრა დასავლეთის სახელმწიფოებმა არ სცნეს, გაყალბების შესახებ ცნობების გამო.


შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საგანგებო წარმომადგენლის ჯონ კოულის მიერ ლუკაშენკოსთან მინსკში გამართული შეხვედრის შემდეგ, აშშ-მ ბელორუსის კალიუმის ინდუსტრიაზე დაწესებული სანქციები მოხსნა.


"პრეზიდენტ ტრამპის მითითებების შესაბამისად, აშშ კალიუმს სანქციებს უხსნის. ვფიქრობ, ეს აშშ-სგან ძალიან კარგი ნაბიჯია ბელარუსისთვის. ჩვენ მათ ახლავე ვაუქმებთ. ორ ქვეყანას შორის კავშირების ნორმალიზაციის გათვალისწინებით მოხსნილი იქნება კიდევ უფრო მეტი სანქცია," - კოულის ამ სიტყვებს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ბელტა“ ავრცელებს.