აშშ-მ ტაივანისთვის 11.1 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღების პაკეტი დაამტკიცა, რაც ისტორიაში ყველაზე დიდი პაკეტია. ტრამპის ადმინისტრაციამ თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ტაივანისთვის იარაღის მიყიდვა უკვე ხელმეორედ დაამტკიცა. გასულ თვეში პენტაგონმა განაცხადა, რომ აშშ-მ ტაივანისთვის $330 მილიონის ღირებულების ავიაგამანადგურებლების ნაწილების მიყიდვა დაამტკიცა.
ტაივანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, იარაღის შესყიდვის წინადადება მოიცავს HIMARS-ის სარაკეტო სისტემებს, ჰაუბიცებს, ჯაველინის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, Altius-ის დრონებსა და სხვა სახის აღჭურვილობის ნაწილებს.
თავის მხრივ, პენტაგონის ცნობით, ხსენებული გადაწყვეტილება აშშ-ის ეროვნულ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების ინტერესებს ემსახურება. ახალი პაკეტი ტაიბეის შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას და "სანდო თავდაცვითი შესაძლებლობების" შენარჩუნებას მოხმარდება.
ჩინეთი "მტკიცედ ეწინააღმდეგება და გმობს" აშშ-ს მხრიდან ტაივანისთვის იარაღის მიყიდვას. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ პეკინი ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს.