ევროკავშირი აშშ-ის მიერ ევროპელი პირებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას „მკაცრად გმობს“

ევროკავშირმა, საფრანგეთმა და გერმანიამ დაგმეს აშშ-ის მხრიდან ვიზების გაცემის აკრძალვა ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებზე, რომლებიც ებრძვიან ინტერნეტში სიძულვილის და დეზინფორმაციის გავრცელებას. ბრიუსელი აცხადებს, რომ ამ "გაუმართლებელ ზომებს" შესაძლოა "სწრაფად და გადამწყვეტად" უპასუხოს.


ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება მიუღებელია და ევროკავშირის სუვერენიტეტის გამოწვევის მცდელობაა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა ასევე აღნიშნავს, რომ „ევროკავშირი გმობს აშშ-ის მიერ ევროპელი მოქალაქეებისა და თანამდებობის პირების მიმართ მოგზაურობის შეზღუდვებს. ასეთი ზომები მიუღებელია მოკავშირეებისთვის, პარტნიორებისა და მეგობრებისთვის. ევროკავშირი მტკიცედ იცავს გამოხატვის თავისუფლებას, სამართლიან ციფრულ წესებს და მის მარეგულირებელ სუვერენიტეტს.“


გარდა ამისა, ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი გმობს აშშ-ის მიერ ყოფილი ევროკომისრის, ტიერი ბრეტონისა და კიდევ ოთხი ევროპელისთვის დაწესებულ სავიზო შეზღუდვას და ეს ზომები წარმოადგენს დაშინებას და იძულებას, რომელიც მიზნად ისახავს ევროპის ციფრული სუვერენიტეტის ძირის გამოთხრას. 


თავის მხრივ, გერმანიის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ ორ გერმანელ აქტივისტს მთავრობის „მხარდაჭერა და სოლიდარობა“ აქვს და ვიზების აკრძალვა მიუღებელია. 


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შიდა ბაზრის საკითხებში ყოფილი ევროკომისრი, ტიერი ბრეტონისა და დეზინფორმაციასთან მებრძოლი ორგანიზაციების ოთხი ხელმძღვანელისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას ევროკომისია გაცხადებით ეხმაურება.


„ევროკომისია ხუთი ევროპელი პირისთვის, მათ შორის ყოფილი ევროკომისრის, ტიერი ბრეტონისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებას მკაცრად გმობს. გამოხატვის თავისუფლება ევროპაში ფუნდამენტურ უფლებას და დემოკრატიულ სამყაროში აშშ-სთან გაზიარებულ საერთო დემოკრატიულ ღირებულებას წარმოადგენს,“ - ნათქვამია განცხადებაში.


ევროკომისია აცხადებს, რომ „ევროკავშირი ღია წესებზე დაფუძნებულ ერთიან ბაზარს წარმოადგენს, რომელსაც ეკონომიკური საქმიანობის დარეგულირების სუვერენული უფლება აქვს.“

„ჩვენი ციფრული წესები ყველა კომპანიისთვის უსაფრთხო, სამართლიან და თანაბარ გარემოს უზრუნველყოფს. საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ სწრაფი და გადამწყვეტი პასუხისთვის, რათა ჩვენი მარეგულირებელი ავტონომია გაუმართლებელი ზომებისგან დავიცვათ,“ - აღნიშნულია განცხადებაში.


აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 23 დეკემბერს ვიზების გაცემა აკრძალა ევროკავშირის ქვეყნების ხუთ მოქალაქეზე, მათ შორის ,ევროკავშირის ყოფილ კომისარზე ფრანგ ტიერი ბრეტონზე - რომელსაც აშშ ადანაშაულებს სიტყვის თავისუფლების ცენზურისთვის მუშაობაში, ან ზედმეტად მკაცრი წესების შემოღებით უსამართლო მოპყრობაში აშშ-ის ტექნოლოგიური კომპანიების მიმართ.


ტიერი ბრეტონის გარდა აშშ-ის მხრიდან სანქცირებული არიან ციფრულ სიძულვილთან მებრძოლი ორგანიზაციის, CCDH-ის ხელმძღვანელი, ბრიტანელი იმრან აჰმედი, „გლობალური დეზინფორმაციის ინდექსის”(GDI) დამფუძნებელი, ბრიტანელი კლერ მელფორდი და გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის, HateAid-ის წარმომადგენლები ანალენა ფონ ჰოდენბერგი და ჟოზეფინა ბალონი.