პოლონეთმა ბალტიის ზღვის თავზე რუსულ თვითმფრინავს გზა გადაუჭრა

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის განცხადებით, დღეს, 25 დეკემბრის დილით, ბალტიის ზღვის საერთაშორისო წყლებში, პოლონურმა გამანადგურებლებმა „გზა გადაუჭრეს  რუსულ სადაზვერვო თვითმფრინავს, რომელიც პოლონეთის საჰაერო სივრცის საზღვართან დაფრინავდა.


განცხადებაში აღნიშნულია, რომ თვითმფრინავი ვიზუალურად ამოიცნეს და თავიანთი პასუხისმგებლობის ზონიდან გააცილეს.


სამხედროები ასევე აცხადებენ, რომ ღამით შეამჩნიეს ობიექტები, რომლებიც ბელორუსის მხრიდან შედიოდნენ პოლონეთის საჰაერო სივრცეში და როგორც ვარაუდობენ, ეს იყო კონტრაბანდის საჰაერო ბუშტები. "უსაფრთხოების მიზნებისთვის საჰაერო სივრცის ნაწილი დროებით დაიხურა სამოქალაქო გადაადგილებისთვის," - წერია განცხადებაში.


23 დეკემბერს უკრაინაზე რუსეთის ბოლო მასშტაბური თავდასხმის დროს, პოლონეთმა კვლავ ააფრინა თავისი თვითმფრინავები და ოდესის რეგიონის მოსაზღვრე რუმინეთის რაიონებში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა.


ბოლო თვეებში რუსეთის გამანადგურებლებმა და დრონებმა არაერთხელ დაარღვიეს NATO-ს წევრი სახელმწიფოების საჰაერო სივრცე.

როგორც სააგენტო Bloomberg-ი წერდა, სექტემბრის ბოლოს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის დიპლომატებმა კერძო დღის წესრიგის ფარგლებში მოსკოვი გააფრთხილეს, რომ ნატოს თავდაცვის ძალები მზად არიან, ჩამოაგდონ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნების საჰაერო სივრცეში შეჭრილი რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები. 


შეგახსენებთ, რომ დეკემბერში ევროკავშირმა ბელორუსის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმი გააფართოვა.