ყაზახეთი TRACECA-ს ერთიანი სატრანზიტო ნებართვის შეთანხმებაზე ხელმოწერას გეგმავს

ყაზახეთი TRACECA-ს ერთიანი სატრანზიტო ნებართვის შესახებ შეთანხმებას მოაწერს ხელს, რაც TRACECA-ს დერეფნის მონაწილე ქვეყნებში საერთაშორისო საავტომობილო ტვირთების გადაზიდვის გამარტივებასა და გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, იტყობინება Trend მთავრობის დადგენილების პროექტზე დაყრდნობით.


კერძოდ, ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ შემუშავებული დადგენილების პროექტი, TRACECA-ს წევრი სახელმწიფოების ტერიტორიებზე ტვირთების გადაზიდვის ერთიანი სატრანზიტო ნებართვის გაცემის, გამოყენების პირობებსა და პროცედურებს განსაზღვრავს.


შეთანხმების მიზანია სატრანზიტო ნებართვების ერთიანი მექანიზმის შექმნა, საზღვრისპირა საავტომობილო ტრანსპორტის გამარტივება და დაჩქარება, გამჭვირვალობის გაზრდა და პროცედურების დიგიტალიზაცია.


ცნობისთვის, TRACECA არის საერთაშორისო სატრანსპორტო პროგრამა, რომელშიც ევროკავშირი და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 12 წევრი ქვეყანაა ჩართული. პროგრამის მიზანია ეკონომიკური ურთიერთობების, ვაჭრობისა და ტრანსპორტის გაძლიერება შავი ზღვის აუზის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში.


ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი 1993 წელს, ბრიუსელის დეკლარაციის საფუძველზე, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის მონაწილეობით შეიქმნა.