The Associated Press-ის ცნობით, იაპონიის მთავრობამ მომავალი წლისთვის თავდაცვის რეკორდული ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც 9 ტრილიონ იენს (58 მილიარდი დოლარი) აღემატება.
რეკორდული თავდაცვის ხარჯები მიზნად ისახავდა ქვეყნის საპასუხო დარტყმის შესაძლებლობების და სანაპირო დაცვის გაძლიერებას ფრთოსანი რაკეტებითა და დრონებით რეგიონში მზარდი დაძაბულობის საპასუხოდ.
2026 წლის ფისკალური ბიუჯეტის პროექტი, რომელიც აპრილიდან იწყება, 2025 წელთან შედარებით 9.4%-ით მეტია და აღნიშნავს იაპონიის მიმდინარე ხუთწლიანი პროგრამის მეოთხე წელს, რომელიც მიზნად ისახავს შეიარაღებაზე წლიური ხარჯების გაორმაგებას მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე.
The Associated Press-ი წერს, რომ თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა ხდება იაპონიაში ჩინეთის მხრიდან გაზრდილი დაძაბულობის ფონზე. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ ნოემბერში განაცხადა, რომ მისი ქვეყნის სამხედროები შეიძლება ჩაერთონ, თუ ჩინეთი ტაივანის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს.
ბიუჯეტი ითვალისწინებს იაპონიის სარაკეტო შესაძლებლობების გასაძლიერებლად 970 მილიარდ იენზე (6.2 მილიარდი აშშ დოლარი) მეტი თანხის გამოყოფას.
სანაპირო ზოლის დასაცავად, იაპონია 100 მილიარდ იენს (640 მილიონი აშშ დოლარი) დახარჯავს უპილოტო საჰაერო, საზღვაო და წყალქვეშა სათვალთვალო და თავდაცვითი დრონების განლაგებაზე, რაც SHIELD-ის სახელით ცნობილი სისტემის ნაწილია და რომლის ამოქმედებაც 2028 წლის მარტისთვის არის დაგეგმილი.
იაპონიის პარლამენტი ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას მიმდინარე ფისკალური წლის ბოლომდე გეგმავს.