რუსეთმა სამხედრო ხომალდები გაგზავნა ნავთობტანკერის დასაცავად, რომელსაც აშშ-ის ძალები მიჰყვებიან - მედია

რუსეთმა საზღვაო ხომალდები განალაგა ნავთობტანკერის ესკორტისთვის, რომელსაც ატლანტის ოკეანეში აშშ-ის ძალები მიჰყვებიან. BBC-ის ცნობით, გემი, რომელიც ამჟამად ისლანდიასა და ბრიტანეთის კუნძულებს შორის მოძრაობს, აშშ-ის სანქციების დარღვევასა და ირანული ნავთობის გადაზიდვაში დაადანაშაულეს. მას ჩვეულებრივ, ვენესუელური ნედლი ნავთობი გადაჰქონდა, თუმცა როგორც ახლა იტყობინებიან, ტანჯერი ამჟამად ცარიელია.


Bella 1-ს აშშ-ის სანქციების დარღვევასა და ირანული ნავთობის გადაზიდვაში ადანაშაულებენ, რის შემდეგაც, მან სახელი შეიცვალა, ამჟამად Marinera ჰქვია და გაიანას დროშის ნაცვლად, რუსეთს დროშის ქვეშ დაცურავს.


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ თვეში განაცხადა, რომ ვენესუელაში შემავალი და გამავალი სანქცირებული ნავთობტანკერების ბლოკადის ბრძანება გასცა, რასაც ვენესუელას მთავრობამ „ქურდობა“ უწოდა. აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა CBS-ს დაუდასტურა, რომ რუსეთმა ტანკერის ესკორტირებისთვის წყალქვეშა ნავი და სხვა საზღვაო ხომალდები გაგზავნა.

აშშ-ის სანაპირო დაცვამ გასულ თვეში კარიბის ზღვის აუზში მასზე ასვლა სცადა, რადგან ვარაუდობდნენ, რომ ის ვენესუელასკენ მიემართებოდა. მათ გემის დაკავების ორდერი ჰქონდათ სანქციების დარღვევის გამო.


მას შემდეგ გემმა მკვეთრად შეიცვალა კურსი და მისი ევროპასთან მიახლოება დაემთხვა დაახლოებით 10 ამერიკული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავის, ასევე ვერტმფრენების ჩამოსვლას.

სამშაბათს, ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა CBS News-ს განუცხადა, რომ ამერიკული ძალები გემზე ასვლას გეგმავენ და ვაშინგტონი მის ჩაძირვას მის დაკავებას ამჯობინებს.

რუსეთი აცხადებს, რომ გემის გარშემო არსებულ სიტუაციას შეშფოთებით აკვირდება.


2025 წლის ნოემბერში პენტაგონმა გამოაცხადა, რომ დაიწყო სამხედრო ოპერაცია ნარკოტიკებისგან შეერთებული შტატებისა და დასავლეთ ნახევარსფეროს დასაცავად. შემოდგომაზე ამერიკელმა სამხედროებმა ვენესუელის ნაპირების მახლობლად შეტევა მიიტანეს რამდენიმე ათეულ გემზე, რომლებსაც შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, ნარკოტიკები გადაჰქონდათ. 2025 წლის დეკემბერში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის რეჟიმი დაადანაშაულა ნავთობის მოპარვაში და ვენესუელიდან მომავალი და ამ ქვეყნისკენ მიმავალი სანქცირებული ტანკერების სრული ბლოკადის ბრძანება გასცა.


2026 წლის 3 იანვარს ამერიკელმა სპეცრაზმელებმა ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში ოპერაცია ჩაატარეს და დააკავეს ქვეყნის მეთაური ნიკოლას მადურო და მისი ცოლი სილია ფლორესი. ამერიკელმა სამხედროებმა ვენესუელაში რამდენიმე სამხედრო ობიექტსაც დაარტყეს.


პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელას აშშ უხელმძღვანელებს, სანამ არ მოხდება ხელისუფლების უსაფრთხო და გონივრული გადაცემა. ტრამპის თანახმად, უმსხვილესი ამერიკული ნავთობკომპანიები მილიარდობით დოლარს დახარჯავენ ვენესუელის განადგურებული სანავთობო ინფრასტრუქტურის აღსადგენად და ქვეყნისთვის ფულის გამომუშავებას დაიწყებენ.
5 იანვარს ნიკოლას მადუროს და სილია ფლორესს ნიუ-იორკში, მანჰეტენის სასამართლოში ბრალი წაუყენეს ოთხი მუხლით. მათ შორისაა ნარკოტერორისტული შეთქმულება. ორივე მათგანმა თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა.


ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი დელსი როდრიგესი ასრულებს. მან 4 იანვარს განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობას იწვევენ თანამშრომლობისთვის დღის წესრიგით, რომელიც ორიენტირებული იქნება ერთობლივ განვითარებაზე საერთაშორისო სამართლის ფარგლებში.