თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვების „ვარიანტების ფართო სპექტრს“ განიხილავს, მათ შორი არის სამხედროების გამოყენება. თეთრმა სახლმა BBC-ს განუცხადა, რომ გრენლანდია ამერიკისთვის „ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტს“ წარმოადგენს.
ეს კომენტარი რამდენიმე საათში გავრცელდა მას შემდეგ, რაც ევროპელმა ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც დანიას მხარს უჭერდნენ. ევროპის სახელმწიფოების ლიდერებმა ერთობლივად გამოხატეს მხარდაჭერა დანიის მიმართ და აღნიშნეს, რომ ამ სამეფოს ავტონომიური არქტიკული ტერიტორია გრენლანდია მხოლოდ კუნძულის მოსახლეობას ეკუთვნის.
„გრენლანდია თავის მოსახლეობას ეკუთვნის. მხოლოდ დანიას და გრენლანდიას და მხოლოდ მათ შეუძლიათ, მიიღონ გადაწყვეტილებები დანიასა და გრენლანდიასთან დაკავშირებულ საკითხებზე,“ - ნათქვამია საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთისა და ესპანეთის ლიდერების მიერ 6 იანვარს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში.
„პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტია და ამას არქტიკის რეგიონში ჩვენი მოწინააღმდეგეების შეკავებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, აშშ-ის შეიარაღებული ძალების გამოყენება ყოველთვის ვარიანტად რჩება,“ - ნათქვამია თეთრი სახლის პრესსპიკერის კომენტარში. მანამდე, შაბათ-კვირას, ტრამპმა გაიმეორა, რომ აშშ-ს გრენლანდია უსაფრთხოების მიზნით „სჭირდებოდა“, რამაც დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი აიძულა, გამოსულიყო გაფრთხილებით, რომ „აშშ-ის ნებისმიერი თავდასხმა NATO-ს დასასრულს ნიშნავდა.“
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ორშაბათს განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია გრენლანდიაში შეჭრას არ გეგმავს, თუმცა მან კუნძულის დანიისგან ყიდვა ახსენა.
ცნობისთვის, კუნძულის მოსახლეობა მხოლოდ 57 000-ია. ის არ არის NATO-ს დამოუკიდებელი წევრი, მაგრამ მას, როგორც თავის ტერიტორიას, იცავს დანია, რომელიც დასავლური ალიანსის წევრია.
ტრამპმა პირველად, გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვების გამოთქვა 2019 წელს, პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს გაასაჯაროვა. ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო აშშ-ის სამხედროებისთვის და რომ დანიამ საკმარისი არ გააკეთა მის დასაცავად.
ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის გრენლანდიის სტრატეგიული მდებარეობა მას აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემისთვის მნიშვნელოვან ადგილად აქცევს. კუნძული მდიდარია ასევე სხვადასხვა წიაღისეულით.
აშშ-სა და დანიას შორის ათწლეულების წინ გაფორმებული შეთანხმებით, აშშ-ს კოსმოსური ძალების ბაზა აქვს კუნძულზე.