აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის ლიდერებს მოლაპარაკება სურთ და ამ მიზნით დაურეკეს.
„გუშინ დარეკეს. ირანმა მოლაპარაკებისთვის დარეკა. ირანის ლიდერებს მოლაპარაკება სურთ. ვფიქრობ, ისინი დაიღალნენ შეერთებული შტატების მხრიდან დარტყმით. ირანს ჩვენთან მოლაპარაკება სურს,“ - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ირანში საპროტესტო მოძრაობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზულ ვარიანტებს განიხილავს.
„არიან ადამიანები, რომლებიც დახოცეს და არ უნდა დაეხოცათ. ესენი არიან მოძალადეები. თუ საერთოდ შეიძლება მათ ლიდერები ვუწოდოთ - არ ვიცი, შეიძლება თუ არა მათ ლიდერები ეწოდოთ. ისინი ძალადობის საშუალებით მართავენ. ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად განვიხილავთ. სამხედროები ამას განიხილავენ. ჩვენ ძალიან ძლიერ ვარიანტებს განვიხილავთ. გადაწყვეტილებას მივიღებთ,“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანში არსებული ვითარების შესახებ ანგარიშს ყოველ საათში აწვდიან და მიანიშნა, რომ ირანი კვეთს იმ წითელ ხაზს, რომელიც მან ირანის რეჟიმისთვის დაადგინა. გადაკვეთეს თუ არა მათ თქვენი წითელი ხაზები?
„როგორც ჩანს, იწყებენ. როგორც ჩანს, არიან ადამიანები, რომლებიც დახოცეს და არ უნდა დაეხოცათ. ესენი არიან მოძალადეები. თუ საერთოდ შეიძლება, მათ ლიდერები ვუწოდოთ - არ ვიცი, შეიძლება თუ არა მათ ლიდერები ეწოდოთ. ისინი ძალადობის საშუალებით მართავენ,“ - აღნიშნა ტრამპმა ხსენებული შეკითხვის საპასუხოდ.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ მზად არიან ომისთვის და დიალოგისთვისაც.
არაყჩი ამით გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ ამერიკა იმოქმედებს იმ შემთვევაში, თუ თეირანში დემონსტრაციებს მოჰყვებოდა მსხვერპლი.
აბას არაყჩის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციები „ძალადობრივი და სისხლისმღვრელი გახდა, რათა საბაბი მისცემოდა“ შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ქვეყანაში სამხედრო ჩარევისთვის.
მინისტრმა ეს განცხადება თეირანში მყოფ უცხოელ დიპლომატებთან გააკეთა, სადაც ასევე აღნიშნა, რომ ძალადობამ შაბათ-კვირას პიკს მიაღწია, თუმცა „სიტუაცია ახლა სრული კონტროლის ქვეშაა.“
11 იანვარს ტრამპმა განაცხადა, რომ ის და აშშ-ის სამხედროები სწავლობენ ირანში მომიტინგეების მხარდაჭერის ვარიანტებს. Human Rights Activists News Agency-მ (HRANA, ადამიანის უფლებების დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტო) - შეერთებულ შტატებში დაფუძნებული ირანელი აქტივისტების ორგანიზაციამ - 11 იანვარს განაცხადა, რომ ბოლო 15 დღის განმავლობაში საპროტესტო აქციების დროს 544 ადამიანი დაიღუპა.
HRANA-ს ცნობით, სულ მცირე, 10 061 ადამიანი დააკავეს და დემონსტრაციები 31-ვე პროვინციის 186 ქალაქში, 585 ადგილას დაფიქსირდა.
ამ მონაცემებს მედია დამოუკიდებლად ამოწმებს - ქვეყანაში ინტერნეტის თითქმის სრული გათიშვის გამო. შეზღუდულია სატელეფონო მომსახურებაც.
ტრამპმა 11 იანვარს განაცხადა, რომ მილიარდერ ილონ მასკთან ირანში ინტერნეტის აღდგენის შესახებ საუბარს გეგმავს. მასკის SpaceX უზრუნველყოფს Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტსერვისს, რომელიც ადრეც გამოიყენებოდა კონფლიქტის ზონებში, მათ შორის, უკრაინაში.