სანდუ: რეფერენდუმის შემთხვევაში, რუმინეთთან გაერთიანებას ხმას მივცემდი

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ თუ რუსეთის ზეწოლისგან მისი მყიფე დემოკრატიის დასაცავად რეფერენდუმი ჩატარდებოდა, ის მხარს დაუჭერდა მეზობელ - ევროკავშირისა და NATO-ს წევრ რუმინეთთან გაერთიანებას.


სანდუმ, რომლის პროევროპულმა მმართველმა პარტიამ გასული წლის სექტემბერში ახალი მანდატი მოიპოვა, არაერთხელ დაადანაშაულა რუსეთი მოლდოვის საქმეებში ჩარევაში.


„ნახეთ, რა ხდება მსოფლიოში. მოლდოვის მსგავსი პატარა ქვეყნისთვის, როგორც დემოკრატიული და სუვერენული ქვეყნისთვის, გადარჩენა და რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა სულ უფრო რთული ხდება,“ - განაცხადა სანდუმ.


Reuters-ი წერს, რომ დაახლოებით 1.5 მილიონ მოლდოველს აქვს რუმინეთის მოქალაქეობა, მაგრამ ბოლოდროინდელმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ მხოლოდ დაახლოებით ერთი მესამედი უჭერს მხარს ბუქარესტთან გაერთიანებას.


სანდუმ აღიარა, რომ მოლდოველთა უმეტესობა არ უჭერს მხარს მის პოზიციას და  რომ ევროკავშირში ინტეგრაცია „უფრო რეალისტური მიზანია.“

„როგორც მოლდოვის პრეზიდენტს მესმის, რომ არ არსებობს უმრავლესობა, რომელიც რუმინეთთან გაერთიანებას მხარს დაუჭერდა, მაგრამ არსებობს უმრავლესობა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს. ჩვენ სწორედ ამ მიზნის მიღწევისთვის ვმუშაობთ. ეს ბევრად უფრო რეალისტური მიზანია, რომელიც სუვერენიტეტის დაცვაში გვეხმარება,“ - აღნიშნა სანდუმ.