გაერთიანებულმა სამეფომ, თავის ევროპელ მოკავშირეებთან ერთად დაიწყო მოლაპარაკებები გრენლანდიაში NATO-ს კონტინგენტის შესაძლო განლაგებაზე. The Telegraph-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს,რომ გეგმები, რომლებიც საწყის ეტაპზეა, შეიძლება, მოიცავდეს კუნძულის დასაცავად ბრიტანელი ჯარისკაცების, გემებისა და თვითმფრინავების განლაგებას.
გაზეთის ცნობით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებების ფონზე, რომელმაც ადრე არაერთხელ ისაუბრა გრენლანდიაზე კონტროლის დამყარების აუცილებლობაზე საიმისოდ, რომ „ამერიკამ ჩინეთი და რუსეთი შეაკავოს.“
ევროპული ქვეყნები იმედოვნებენ, რომ არქტიკაში სამხედრო ყოფნის გაძლიერება დაეხმარება ტრამპს, უარი თქვას სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონის ანექსიის იდეაზე.
ბრიტანეთის მთავრობის წყაროებმა გაზეთს განუცხადეს, რომ პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი არქტიკაში რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან მუქარას „უკიდურესად სერიოზულად“ აღიქვამს და ეთანხმება მოქმედების აუცილებლობას.
„ჩვენ ვიზიარებთ პრეზიდენტ ტრამპის შეხედულებას, რომ რუსეთის მზარდი აგრესია უნდა შეჩერდეს და ევროატლანტიკური უსაფრთხოება გაძლიერდეს,“ - განუცხადა გაზეთს The Telegraph-ის ერთ-ერთმა წყარომ.
ეს იდეა განიხილეს NATO-ს მოკავშირეების შეხვედრაზე, ბრიუსელში, 8 იანვარს. The Telegraph-ის ცნობით, ოპერაცია შეიძლება, მოიცავდეს ჯარების სრულმასშტაბიან განლაგებას ან წვრთნების, დაზვერვის გაზიარების, სამხედრო ძალების გაზრდისა და თავდაცვის ხარჯების გადანაწილების კომბინაციას.
ნებისმიერი მისია, სავარაუდოდ, NATO-ს ეგიდით და ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში არსებული ოპერაციებისგან დამოუკიდებლად განხორციელდება. ბრიტანელმა ოფიციალურმა პირებმა დაუდასტურეს გამოცემას, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები არქტიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში გაფართოებული როლისთვის ემზადება.
The Telegraph-ის ცნობით, ევროკავშირი ამუშავებს სანქციების გეგმებს ამერიკული კომპანიების (მათ შორის Meta, Google, Microsoft, X, ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები) წინააღმდეგ იმ შემთხვევაში, თუ ტრამპი უარყოფს NATO-ს ძალების განლაგების წინადადებას. უფრო რადიკალური ვარიანტი იქნებოდა ამერიკული ჯარების ევროპაში არსებული ბაზებიდან გაძევება, რაც აშშ-ს ახლო აღმოსავლეთსა და სხვა რეგიონებში ძირითადი განლაგებისთვის ადგილებს ჩამოართმევს.