ილონ მასკის SpaceX-ი ირანში მომხმარებლებს Starlink-ის თანამგზავრული სერვისის საშუალებით უფასო ინტერნეტს სთავაზობს.
ტექნოლოგიური არაკომერციული ორგანიზაცია Holistic Resilience-ის აღმასრულებელმა დირექტორმა აჰმად აჰმადიანმა განაცხადა, რომ ირანში Starlink-ის ანგარიშებს, რომლებიც ადრე არააქტიური იყო, ახლა კავშირი აქვთ და მათი სააბონენტო გადასახადი სამშაბათიდან გაუქმებულია.
„ეს არის შეაერთე და დააკავშირე. უბრალოდ მოათავსეთ [სატელიტური ტერმინალი] ისეთ ადგილას, საიდანაც ცის მკაფიო ხედი იშლება და მზად ხართ,“ - განუცხადა მან CNN-ს.
ცნობისთვის, კვირის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ილონ მასკმა სატელეფონო საუბრის დროს ირანში Starlink-ზე წვდომის საკითხი განიხილეს.
ირანის მთავრობამ მოსახლეობას ინტერნეტზე წვდომა ექვსი დღის წინ შეუზღუდა.
X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ 14 იანვარს ირანის ხელისუფლება დაკავებული ირანელი მომიტინგის, ერფან სოლტანის სიკვდილით დასჯას გეგმავს: „ისლამური რესპუბლიკის რეჟიმმა 10 600-ზე მეტი ირანელი დააკავა მხოლოდ ძირითადი უფლებების მოთხოვნის გამო. მათ შორისაა 26 წლის ერფან სოლტანი, რომელსაც 14 იანვრისთვის სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს.“
ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ დეკემბრის ბოლოს დაწყებული მასშტაბური ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების მთავრობის მიერ სასტიკი ჩახშობის შედეგად 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. Reuters-ი, ანონიმურ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დაღუპულთა რიცხვი დაახლოებით 2000-ს აღწევს.
ზოგიერთი დამკვირვებელი მიიჩნევს, რომ ირანის მთავრობის მიერ ინტერნეტის მთელი ქვეყნის მასშტაბით გათიშვის გამო, რაც მიზნად ისახავს მომიტინგეებსა და საერთაშორისო საზოგადოებას შორის ინფორმაციის ნაკადის შეზღუდვას, შესაძლოა, მსხვერპლთა რიცხვი კიდევ უფრო მეტი აღმოჩნდეს და რამდენიმე ათასს მიაღწიოს.
დაკავებულთა რიცხვი, სავარაუდოდ, 10 000-ს აჭარბებს. აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპმა 13 იანვარს, განაცხადა რომ შეერთებული შტატები „მკაცრ ზომებს“ მიიღებს, თუ ირანის რეჟიმი დაკავებულ ირანელებს სიკვდილით დასჯის. The Associated Press-ის ცნობით, ირანის სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელმა ღოლამჰოსეინ მოჰსენი-ეჯეიმ მიანიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გაფრთხილების მიუხედავად, ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირებისთვის სწრაფი სასამართლო პროცესები გაიმართება და სიკვდილით დასჯა მოხდება.