აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანელი ოპოზიციური ფიგურა, ირანის უკანასკნელი შაჰის ვაჟი რეზა ფეჰლევი „ძალიან სასიამოვნო პიროვნება ჩანს“, თუმცა გაურკვეველია, შეძლებს თუ არა ის ირანში მხარდაჭერის მოპოვებას საბოლოოდ ხელისუფლებაში მოსასვლელად.
„ძალიან სასიამოვნო პიროვნება ჩანს, მაგრამ არ ვიცი, როგორ მოიქცევა საკუთარ ქვეყანაში. ჩვენ ჯერ ამ ეტაპამდე არ მივსულვართ. არ ვიცი, მიიღებს თუ არა მისი ქვეყანა მის ლიდერობას და, რა თქმა უნდა, თუ მიიღებს, ჩემთვის მისაღები იქნება,“ - განაცხადა ტრამპმა Reuters-თან ინტერვიუში.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თეირანში საპროტესტო აქციების გამო, მთავრობის დაცემა შესაძლებელია, მაგრამ სინამდვილეში „ნებისმიერი რეჟიმი შეიძლება, დაეცეს.“ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ირანში საინტერესო პერიოდი იქნება მიუხედავად იმისა, დაეცემა თუ არა არსებული ხელისუფლება.