აშშ ირანში პროტესტების ჩახშობისთვის პასუხისმგებელ პირებს ასანქცირებს. შესაბამის განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.
დასანქცირებულთა შორის არის ალი ლარიჯანი, ირანის ეროვნული უსაფრთხოების უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე. სახაზინო დეპარტამენტის თქმით, ის ერთ-ერთი პირველი ირანელი ლიდერი იყო, ვინც მშვიდობიანი დემონსტრაციების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენების მოწოდებით გამოვიდა.
„აშშ მტკიცედ უდგას გვერდში ირანელ ხალხს თავისუფლებისა და სამართლიანობის მოთხოვნაში. პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, სახაზინო დეპარტამენტი ირანის საკვანძო ლიდერებს ასანქცირებს, რომლებიც ჩართული იყვნენ ირანელი ხალხის სასტიკ დარბევაში. სახაზინო დეპარტამენტი ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს, რათა მიზანში ამოიღოს ისინი, ვინც ადამიანის უფლებების ტირანული რეპრესიის უკან დგას,“ - განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა.
ასევე დასანქცირებულია 18 პირი და კომპანია, ვინც ჩართულნი არიან საზღვარგარეთ ირანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტებისგან მიღებული შემოსავლის გათეთრებაში.
ცნობისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ბრიუსელი ირანის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას გეგმავს.