კანადა და ჩინეთი ახალ სტრატეგიულ პარტნიორობას ამყარებენ

კანადა და ჩინეთი ახალ პარტნიორულ ურთიერთობებს ამყარებენ. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნი პეკინში ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მარკ კარნიმ და სი ძინპინმა შეთანხმება გააფორმეს, რომლის თანახმად, კანადა 49 000 ჩინურ ელექტრომობილს თავის ბაზარზე დაუშვებს, ხოლო სანაცვლოდ, ჩინეთი კანადურ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე ტარიფებს შეამცირებს.


„ეს არის ურთიერთობა, რომელიც თითქმის ათწლეულის განმავლობაში შორეული და გაურკვეველი იყო“, - აღნიშნა კარნიმ.


კითხვას, ჩინეთი კანადისთვის უფრო საიმედო პარტნიორია თუ არა, კარნიმ უპასუხა, რომ ვაშინგტონსა და ოტავას შორის კავშირები „უფრო ღრმაა“, თუმცა ჩინეთთან ურთიერთობები უფრო პროგნოზირებადი გახდა.


„აშშ-სთან ურთიერთობები უფრო მრავალმხრივი, ღრმა და ფართოა, ვიდრე ჩინეთთან. ეს გასაკვირი არ არის. თუმცა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩინეთთან ურთიერთობები უფრო პროგნოზირებადი გახდა და ამის შედეგებს თქვენც ხედავთ,“ - განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.


მარკ კარნის ვიზიტი ოტავასა და პეკინს შორის თითქმის ათწლეულის განმავლობაში არსებულ დაძაბულ ურთიერთობებს მოჰყვა. კანადასა და ჩინეთს შორის ურთიერთობები 2018 წელს დაიძაბა, მას შემდეგ რაც ოტავაში Huawei-ს მაღალი თანამდებობის პირი დააპატიმრეს.