აზერბაიჯანმა ავსტრიისა და გერმანიისთვის გაზის მიწოდება საქართველოს გავლით დაიწყო

აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანია „სოკარმა“ გერმანიასა და ავსტრიაში ბუნებრივი აირის მიწოდება დაიწყო, განაცხადა კომპანიამ პარასკევს, რაც მის მიერ მომარაგებული ევროპული ბაზრების რაოდენობის გაზრდის პარალელურად ხდება. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.


აზერბაიჯანულ გაზზე მოთხოვნა გაიზარდა მას შემდეგ, რაც ევროპამ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსულ გაზზე დამოკიდებულების შეწყვეტა სცადა. კომპანიის განცხადებით,  სამხრეთ და ცენტრალური ევროპის ბაზრებზე გაზის მიწოდება სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპული სეგმენტის, ტრანსადრიატიკული მილსადენის მეშვეობით დაიწყო და ტრანსპორტირებული გაზის მნიშვნელოვანი მოცულობის გაყიდვით, აზერბაიჯანი აზერბაიჯანული გაზის ექსპორტში მომდევნო მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს.


ივნისში კომპანიამ გერმანულ SEFE-სთან 10-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რაც ყოველწლიურად 1.5 მილიარდი კუბური მეტრის მიწოდებას გულისხმობს.


„მიწოდებები, რომლებიც იტალიის გავლით, ავსტრიასა და გერმანიაში ხორციელდება, კიდევ უფრო აფართოებს აზერბაიჯანული გაზის გეოგრაფიულ მასშტაბს ევროპაში. ამ ახალი ბაზრებით, აზერბაიჯანული გაზის იმპორტიორი ქვეყნების რაოდენობა 16-მდე გაიზარდა,“ - ნათქვამია SOCAR-ის განცხადებაში.


TAP-მა წელს თავისი გამტარუნარიანობა კიდევ 1.2 მილიარდი კუბური მეტრით გაზარდა. SOCAR-ის წყაროს ცნობით, ავსტრიას წელიწადში 1 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზი მიეწოდება.


ცნობისთვის, აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპაში ტრანსადრიატიკული მილსადენის (TAP) მეშვეობით 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. მილსადენის საწყისი სიმძლავრე წელიწადში 10 მილიარდი კუბური მეტრი იყო, თუმცა შესაძლებელია მისი გაზრდა 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე წელიწადში.


2022 წლის ივლისში აზერბაიჯანმა და ევროკომისიამ შეთანხმებას მიაღწიეს ევროპაში გაზის მიწოდების გაორმაგების შესახებ 2027 წლისთვის.

დღემდე TAP-მა ევროპას 54.3 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა.


2025 წელს აზერბაიჯანმა 51.5 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გამოიმუშავა. ამ პერიოდში გაზის ექსპორტმა სულ 25.2 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. აქედან 12.8 მილიარდი კუბური მეტრი ევროპას მიეწოდა, 9.6 მილიარდი კუბური მეტრი – თურქეთს (მათ შორის, 5.6 მილიარდი TANAP-ის მეშვეობით), 2.3 მილიარდი კუბური მეტრი – საქართველოს და 0.5 მილიარდი კუბური მეტრი – სირიას.