გერმანიამ რუსეთთან დაკავშირებული ნავთობტანკერი ბალტიის ზღვაში არ შეუშვა - მედია

ნავთობტანკერი, რომელიც რუსეთის პორტისკენ მიემართებოდა, ბალტიის ზღვის შესასვლელთან მოულოდნელად შემობრუნდა და სკანდინავიის ნახევარკუნძულის გავლით რუსეთისკენ (სავარაუდოდ, მურმანსკისკენ, სადაც ნავთობის ჩატვირთვაც შეიძლება) გაემართა.


Bloomberg-ის ცნობით, ტანკერი Arcusat, დანიასა და შვედეთს შორის ვიწრო სრუტეში გადიოდა და ფინეთის ყურისკენ მიემართებოდა. თუმცა გერმანიის ტერიტორიულ წყლებში ის შემობრუნდა და ჩრდილოეთისკენ გაემართა. გერმანულმა მედიამ ერთი დღით ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ ტანკერი აიძულა, მარშრუტი შეეცვალა.


სააგენტოს ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროპულმა ქვეყანამ „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემს ბალტიის ზღვაში შესვლაზე უარი უთხრა.


ბოლო თვეების განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა რუსულ და ვენესუელურ ტვირთებთან დაკავშირებული რამდენიმე ტანკერი დააკავა, ხოლო ევროპის მთავრობებმა „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილად მიჩნეული გემების წინააღმდეგ ზომები გაამკაცრეს.