შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ღაზის სექტორის აღსადგენად შექმნილი „მშვიდობის საბჭოს“ დამფუძნებელ წევრად, მსოფლიოს ქვეყნების სხვა ლიდერებთან ერთად, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანიც მიიწვია. ამის შესახებ სომხეთის პრემიერის პრესსპიკერმა ნაზელი ბაღდასარიანმა განაცხადა.
„პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა სიამოვნებითა და პასუხისმგებლობის გრძნობით მიიღო წინადადება, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხეთის ერთგულება მშვიდობის ხელშეწყობის მიმართ,“ - დაწერა მან სოციალურ ქსელში.
ჯერჯერობით არც ადგილობრივ და არც საერთაშორისო წყაროებში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, მიიწვიეს თუ არა ბაქო მშვიდობის საბჭოს წევრად.
ცნობისთვის, გასული წლის შემოდგომაზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დააარსა გლობალური ორგანო, რომელიც ცნობილია როგორც „მშვიდობის საბჭო“ - მისი მიზანია ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის დასრულება.
საერთაშორისო საბჭო ძირითადად ფოკუსირებულია ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აღსრულებასა და ტერიტორიაზე ომისშემდგომი სტაბილურობის უზრუნველყოფაზე. ტრამპმა, რომელმაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია კონფლიქტების მოგვარების საკითხში არაეფექტიანად შეაფასა, უფრო მოქნილი მექანიზმის შექმნა სცადა.