რომელი ქვეყნები შეუერთდნენ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“

დონალდ ტრამპმა 20-პუნქტიანი გეგმის შესრულების მიზნით, „ღაზის მშვიდობის საბჭოში“ რამდენიმე ათეული ქვეყანა მიიწვია. თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა 22 იანვარს განაცხადა, რომ გაგზავნილი 50 მოწვევიდან, დაახლოებით 35-მა მსოფლიო ლიდერმა დაადასტურა მშვიდობის საბჭოს წევრობა. 


ამ ქვეყნებს შორის არიან ახლო აღმოსავლეთის მოკავშირეები, ისრაელი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი, იორდანია, კატარი და ეგვიპტე. NATO-ს წევრები თურქეთი და უნგრეთი, რომელთა ლიდერებმა კარგი პირადი ურთიერთობები დაამყარეს ტრამპთან, ასევე დათანხმდნენ მონაწილეობას. თეთრ სახლს მოწვევაზე დადებითად უპასუხეს ასევე მაროკომ, პაკისტანმა, ინდონეზიამ, კოსოვომ, უზბეკეთმა, ყაზახეთმა, პარაგვაიმ და ვიეტნამმა.


რაც შეეხება სამხრეთ კავკასიას, რეგიონის ორი ქვეყანა აზერბაიჯანი და სომხეთი „მშვიდობის საბჭოში“ ტრამპის მიწვევას დაეთანხმნენ. ამ ქვეყნებმა გასული წლის აგვისტოში, აშშ-ის შუამავლობით მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი.


კრემლს ჯერ არ განუცხადებია, შეუერთდება თუ არა „მშვიდობის საბჭოს.“ უცნობია ჩინეთის საბოლოო პასუხიც. 


„გასულ წელს აშშ-ისა და ჩინეთის ურთიერთობებში აღმასვლისა და დაღმასვლის პერიოდები იყო, თუმცა საბოლოოდ დინამიკა სტაბილური გახდა. ჩინეთი მზადაა ურთიერთობების სტაბილიზაციის მიზნით აშშ-სთან ითანამშრომლოს,“ - აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა რამდენიმე დღის წინ.


ვაშინგტონსა და მინსკს შორის დაახლოების ფონზე კი, აშშ-ის პრეზიდენტის მიწვევა ლუკაშენკომაც მიიღო. ბელორუსის პრეზიდენტმა, რომელსაც დასავლეთი დიდი ხნის განმავლობაში იზოლაციაში ამყოფებდა, მის ქვეყანაში ადამიანის უფლებების ცუდი მდგომარეობისა და უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის მხარდაჭერის გამო, დონალდ ტრამპის „გზავნილს“ დადებითად უპასუხა.


დონალდ ტრამპმა ღაზის „მშვიდობის საბჭოში“ უკრაინა მიიწვია. 


ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, უკრაინელი დიპლომატები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინადადებას განიხილავენ.


ასევე, უკრაინის პრეზიდენტი „მშვიდობის საბჭოში“ დონალდ ტრამპის მიერ რუსეთისა და ბელორუსის მიწვევის ფაქტსაც გამოეხმაურა.


„ჩემთვის რთულია, წარმოვიდგინო, როგორ ვიქნებით რუსეთთან ერთად რომელიმე საბჭოში. ეს ამ საბჭოს არ ეხება. უბრალოდ, რუსეთი „ომის საბჭოს“ მომხრეა და ბელორუსიც მის გვერდით დგას,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. 


თავის მხრივ, 18 იანვარს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მიიღო მოწვევა აშშ-ის პრეზიდენტისგან, შეუერთდეს მის მიერ შექმნილ ახალ საერთაშორისო ორგანოს. „ის (ორბანი - რედ.) აღფრთოვანებულია ამ მოწვევით და, ბუნებრივია, მიიღებს მონაწილეობას საბჭოს მუშაობაში,“ - აღნიშნა სიიარტომ.


„მშვიდობის საბჭოს“ ინიციატივამ აშშ-ის ზოგიერთი ახლო მოკავშირის მხრიდან ფრთხილი რეაქცია გამოიწვია - ვინ ამბობს უარს


ნორვეგიამ და შვედეთმა უარი თქვეს მოწვევაზე, იტალიის ეკონომიკის მინისტრმა,ჯანკარლო ჯორჯეტიმ კი განაცხადა, რომ საბჭოში გაწევრიანება პრობლემური ჩანდა. იტალიური გაზეთი „კორიერე დელა სერა“ იტყობინება, რომ ერთი ქვეყნის ლიდერის ხელმძღვანელობით მოქმედ ჯგუფში გაწევრიანება იტალიის კონსტიტუციის დარღვევა იქნება. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან დაახლოებულმა წყარომ განაცხადა, რომ საფრანგეთი ასევე აპირებს მოწვევაზე უარის თქმას, რამაც ტრამპი აიძულა, რომ პარიზს ფრანგულ ღვინოებსა და შამპანურებზე 200%-იანი ტარიფებით დამუქრებოდა. კანადამ განაცხადა, რომ „პრინციპში“ დათანხმდა გაწევრიანებას, მაგრამ დეტალები ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია. 


აშშ-ის სხვა ძირითადმა მოკავშირეებმა, მათ შორის, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და იაპონიამ ჯერჯერობით არ დააფიქსირეს მკაფიო საჯარო პოზიცია, თუმცა გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კანცლერი ფრიდრიხ მერცი ხუთშაბათს, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საბჭოს ხელმოწერის ცერემონიას არ დაესწრება.



ცნობისთვის, 16 იანვარს თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ ღაზის სექტორის დამფუძნებელ-აღმასრულებელი საბჭოს შემადგენლობაში შევლენ - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ტრამპის სიძე, ბიზნესმენი ჯარედ კუშნერი, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ტონი ბლერი, მილიარდერი მარკ როუენი, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი აჯაი ბანგა და ტრამპის მრჩეველი რობერტ გაბრიელი.


თეთრი სახლის განცხადებით, „მშვიდობის საბჭოს“ დონალდ ტრამპი უხელმძღვანელებს. საბჭო ღაზის დროებით მმართველობას ზედამხედველობას გაუწევს და სექტორის რეკონსტრუქციის შემდგომ ეტაპს წარმართავს.


ასევე, შეიქმნება ღაზის სექტორის ცალკე აღმასრულებელი საბჭო, რომელიც 11 წევრისგან იქნება შედგენილი. მათ შორის არიან თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი, ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის გაეროს საგანგებო კოორდინატორი სიგრიდ კააგი და არაბთა გაერთიანებული საამიროების საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი რიმ ალ-ჰაშიმი.


ცნობისთვის, 18 იანვარს Bloomberg-ი წერდა რომ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ წევრობისთვის მილიარდ დოლარს ითხოვს.