მოლდოვა დსთ-დან გასვლის ეტაპზეა

მოლდოვა აგრძელებს საჭირო ფორმალობების დამუშავებას, რათა რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი დსთ-დან გასვლა დაასრულოს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიჰაი პოპსოიმ განაცხადა.


მოლდოვა ევროპის ერთ-ერთი უღარიბესი სახელმწიფოა. ის უკრაინასა და ევროკავშირის წევრ რუმინეთს შორის მდებარეობს. ქვეყანამ დსთ-ს ყველა აქტივობაში მონაწილეობა 2023 წლიდან შეწყვიტა.


„მინდა, ვთქვა, რომ ჩვენ დსთ-სთან სამი შეთანხმების დენონსაციის დადასტურების პროცესში ვართ,“ - განუცხადა პოპსოიმ რადიო მოლდოვას, გაიხსენა შეთანხმებები, რომლებიც 1991 წელს ორგანიზაციის დაარსების საფუძველი გახდა.


„ამ სამი შეთანხმების დენონსაცია ნიშნავს, რომ იურიდიული თვალსაზრისით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენ აღარ ვართ წევრები. დე ფაქტო, ჩვენ გარკვეული დროით შევაჩერეთ ჩვენი მონაწილეობა, მაგრამ დე იურე ჩვენ კვლავ იქ ვართ.“


ცნობისთვის, მაია სანდუ 2024 წელს ხელახლა აირჩიეს პრეზიდენტად. გასულ წელს, მისმა „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ“ კი, საპარლამენტო არჩევნების შედეგად, უმრავლესობა შეინარჩუნა.


ამავე თემაზე წაიკითხეთ: