აშშ-მა კარიბის ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ ერთი ნავთობტანკერი დააკავა.
აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ დაკავებული ნავთობტანკერი Sagitta, რომელიც გაიანას დროშის ქვეშ ცურავს, რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტს“ ეკუთვნის.
„დღეს დილით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მხარდაჭერით, ინციდენტების გარეშე ხომალდი Sagitta დააკავეს. კიდევ ერთი ტანკერის დაკავება, რომელიც კარიბის ზღვაში პრეზიდენტ ტრამპის მიერ სანქცირებულ ხომალდებზე დაწესებულ კარანტინს არღვევდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას, რომ ვენესუელას მხოლოდ ის ნავთობი დატოვებს, რომლის გასვლაც კანონით იქნება გათვალისწინებული,“ - ნათქვამია აშშ-ის სამხრეთის სარდლობის განცხადებაში.
სააგენტო Associated Press-ის ცნობით, ლიბერიის დროშით მცურავი ტანკერი Sagitta ჰონგ-კონგის ერთ-ერთი კომპანიის საკუთრებაა. ის, 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების ქვეშ მოექცა. გამორთული იყო ტანკერის ტრანსპონდერი, რომელიც მის მდებარეობას გადასცემს. ბოლოს ის ორი თვის წინ ჩაირთო, როდესაც გემი ბალტიის ზღვას ტოვებდა.
დაკავებული ტანკერები ან აშშ-ის სანქციების ქვეშ იყო, ან იყო ნაწილი ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის, რომლის ხომალდებიც თავიანთ წარმომავლობას ნიღბავენ, რათა ნავთობი გადაზიდონ სანქციების ქვეშ მყოფი სახელმწიფოებიდან - ირანიდან, რუსეთიდან, ვენესუელიდან.
ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ჩამორთმეული ნავთობის გაყიდვიდან მიღებულ თანხას ვენესუელის ნავთობის ინფრასტრუქტურის აღსადგენად გამოიყენებენ. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკვე მიიღო 50 მილიონი ბარელი ვენესუელური ნავთობი, რომელიც გლობალურ ბაზრებზე იყიდება და „ხელს უწყობს ნავთობის ფასების მნიშვნელოვან ვარდნას.“