აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანმა სომხური მხარისგან მოთხოვნა მიიღო, რომ სომხეთიდან რუსეთში ტრანზიტი დაშვებულიყო და ბაქომ, ფაქტობრივად, ცალმხრივად გახსნა დერეფნები სომხეთისთვის. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ სესიაზე განაცხადა.
ალიევის თქმით, ამჟამად [სომხური ტვირთის] ტრანსპორტირება საქართველოს გავლით ხორციელდება, თუმცა არც ისე შორს არის დრო, როცა ტრანზიტი პირდაპირ სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით იქნება უზრუნველყოფილი.
„აზერბაიჯანმა ყაზახეთიდან და რუსეთიდან სომხეთში ტვირთების ტრანზიტზე ყველა შეზღუდვა მოხსნა. ახლა სომხური მხარისგან მივიღეთ მოთხოვნა, სომხეთიდან რუსეთში ტრანზიტის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ჩვენ, ფაქტობრივად, ცალმხრივად გავხსენით დერეფნები. დიახ, ამჟამად ტრანსპორტირება საქართველოს გავლით ხორციელდება, მაგრამ ერთ დღეს ის სომხეთზე გაივლის. ერთ დღეს ტრანზიტი უზრუნველყოფილი იქნება პირდაპირ სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით და ეს დღე არც ისე შორს არის,“ - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
ალიევმა აღნიშნა, TRIPP-ისა და შეერთებული შტატების მიერ ამჟამად მიმდინარე დაკავშირებადობის პროექტის ფარგლებში, სამხრეთ კავკასიაში ამოქმედდება ახალი სატრანსპორტო მარშრუტი, რომელიც დაემატება უკვე არსებულ დერეფნებს, რომლებიც საქართველოს გავლით გადის. მან ისაუბრა სამომავლოდ ტვირთების პირდაპირ ბრუნვაზე თურქეთიდან აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სომხეთს, სომხეთსა და დანარჩენ აზერბაიჯანს შორის.
„ჩვენ ძალიან მჭიდრო ალიანსი დავამყარეთ თურქეთთან, რომელიც მოძმე ქვეყანაა და ინვესტიციები თურქეთში 20 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ჩვენ ასევე ვართ ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი საქართველოში. TRIPP-ისა და შეერთებული შტატების მიერ დაკავშირებადობის პროექტის მეშვეობით, ჩვენ შევქმნით ახალ სატრანსპორტო დერეფანს, რომელიც აზიიდან კასპიის ზღვის გავლით, აზერბაიჯანის, სომხეთის, აზერბაიჯანის ნაწილის - ნახიჩევანის - თურქეთის გავლით და მეტიც, ევროპის მიმართულებით იქნება გადაჭიმული - საქართველოზე გამავალი დერეფნების დამატებით.“
რაც მეტია მარშრუტი, მით უკეთესია მომხმარებლებისთვის, მომწოდებლებისთვის, სატრანზიტო ქვეყნებისთვის,“ - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
ალიევის თქმით, აზერბაიჯანისთვის პრიორიტეტი არის რეგიონი და მისი უშუალო მეზობლები.
„მოხარული ვარ, რომ დამოუკიდებლობის წლების განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ ძალიან მჭიდრო სამუშაო ურთიერთობების დამყარება ყველა ჩვენს მეზობელთან, რა თქმა უნდა, სომხეთის გარდა - კარგად ცნობილი მიზეზების გამო. ფაქტობრივი მშვიდობის დამყარების შემდეგ, ჩვენ ასევე დავიწყეთ ეკონომიკური თანამშრომლობა და ექსპორტის ოპერაციები,“ - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.
თავის მხრივ, სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა იმავე სესიაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ცვალებად სამყაროში სამხრეთ კავკასიისა და შუა დერეფნის როლი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება და რეგიონის მნიშვნელობა ევროკავშირის, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიისთვის იზრდება.
„ორი წლის წინ, თუნდაც ერთი წლის წინ, წარმოუდგენელი ჩანდა, რომ ეს შეიძლებოდა, მომხდარიყო ასეთ მოკლე დროში, როდესაც სომხეთს უკვე აქვს შესაძლებლობა, აზერბაიჯანიდან საქონელი პირდაპირ, საქართველოს გავლით მიიღოს. დარწმუნებული ვარ, რომ დადგება დღე, როდესაც ამ საქონელს უბრალოდ ჩვენი ტერიტორიების გავლით მივიღებთ, ანუ აზერბაიჯანი-სომხეთის და ნახიჩევანი-სომხეთის მარშრუტებით,“ - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.
საქართველოს მეზობელი ქვეყნების პრეზიდენტები 20 იანვარს, დავოსის პანელურ დისკუსიაში, სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან ერთად მონაწილეობდნენ.
ცნობისთვის, ერევანი რუსეთიდან სომხეთში თხევადი ბუნებრივი აირის აზერბაიჯანის გავლით რკინიგზით ტრანსპორტირების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს პრესმდივანმა ლილიტ შაბოიანმა 19 იანვარს განაცხადა.
კითხვას, როდის იქნებოდა ეს შესაძლებელი, პრესმდივანმა უპასუხა: „მალე“, კონკრეტული თარიღის დაკონკრეტების გარეშე.
„ვინაიდან ჩვენ გაზს ორი ძირითადი ქვეყნიდან – ირანიდან და რუსეთიდან – ვიღებთ, ირანში გარკვეული პრობლემები წარმოიშვა ცნობილი გარემოებების გამო და რუსეთთან დაკავშირებული პრობლემები ზემო ლარსს უკავშირდება. თუმცა ეს საკითხი ძალიან მალე მოგვარდება, რადგან სომხეთში თხევადი გაზის იმპორტი რკინიგზით დაიწყება და რუსული თხევადი გაზი სომხეთში ძალიან მალე აზერბაიჯანის გავლით შევა. განიხილება რუსეთიდან სომხეთში თხევადი გაზის რკინიგზით იმპორტის ვარიანტი,“ – განაცხადა სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა.
News.am-ის ცნობით, სომხეთში თხევადი ბუნებრივი აირის ფასი ბოლო დღეებში თითქმის გაორმაგდა.
სარკინიგზო ტრანზიტის აღდგენა შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა სომხეთში სატვირთო გადაზიდვებზე შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი შეთანხმება 2025 წლის ოქტომბერში რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობების მონაწილეობით გაფორმდა.
ასევე წაიკითხეთ:
- აზერბაიჯანმა საკუთარი ტერიტორიის გავლით სომხეთში ტვირთების ტრანზიტზე შეზღუდვები მოხსნა
- რუბიომ აზერბაიჯანი სომხეთისთვის საწვავის მიწოდების გამო შეაქო
- აზერბაიჯანიდან სომხეთში, საქართველოს გავლით, ნავთობპროდუქტების მორიგი პარტია გაიგზავნა