აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ გრენლანდიასთან და, ფაქტობრივად, მთელ არქტიკულ რეგიონთან დაკავშირებით მომავალი შეთანხმების ჩარჩო შეიქმნა, რის გამოც ის ევროპული ქვეყნებისთვის ტარიფებს აღარ აწესებს, რომელთა ამოქმედებაც პირველ თებერვალს იყო დაგეგმილი.
„NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ძალიან პროდუქტიული შეხვედრის საფუძველზე, გრენლანდიასთან და, ფაქტობრივად, მთელ არქტიკულ რეგიონთან დაკავშირებით, მომავალი შეთანხმების ჩარჩო შევქმენით. თუ ეს გადაწყვეტილება მიიღწევა, ის შესანიშნავი იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისა და NATO-ს ყველა ქვეყნისთვის. ამის საფუძველზე, მე არ დავაწესებ ტარიფებს, რომელთა ძალაში შესვლაც პირველი თებერვლიდან იყო დაგეგმილი.
მიმდინარეობს დამატებითი მოლაპარაკებები „ოქროს გუმბათთან“ დაკავშირებით, გრენლანდიასთან დაკავშირებით. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება დისკუსიების პროგრესისთანავე. ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და სხვა პირები, საჭიროების შემთხვევაში, პასუხისმგებელნი იქნებიან მოლაპარაკებებზე - ისინი პირდაპირ მე მომახსენებენ [ამის შესახებ],“ - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
ტრამპმა დღეს განაცხადა დავოსის ფორუმის ფარგლებში, რომ „აშშ არ გამოიყენებს ძალას, ერთადერთი, რასაც აშშ ითხოვს, არის გრენლანდია - ყინულის ნაჭერი გვინდა მსოფლიოს დასაცავად.“
„გრენლანდიასთან დაკავშირებით კულისებს მიღმა ვმუშაობ,“ - უფრო ადრე, ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ დავოსში განაცხადა.
„შეგიძლიათ, დარწმუნებული იყოთ, რომ ამ საკითხზე კულისებს მიღმა ვმუშაობ, თუმცა ამაზე საუბარი საჯაროდ არ შემიძლია. ასე, რომ ბოდიში, მაგრამ გრენლანდიასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ,“ - განაცხადა რუტემ.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მართალია და ნატო-მ გრენლანდიის დაცვის მიზნით მეტი უნდა გააკეთოს.
რუტემ აღნიშნა, რომ გრენლანდიის ირგვლივ განვითარებული მოვლენების მიუხედავად, უკრაინა მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს.
„უკრაინას ევროპისა და აშშ-ის უსაფრთხოებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს,“ - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.