უკრაინის პრეზიდენტმა 22 იანვარს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას ევროპა მკაცრად გააკრიტიკა.
ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ „ევროპას უყვარს მომავლის განხილვა, მაგრამ დღესვე ქმედებებს ერიდება“, უკრაინის პრეზიდენტი აკრიტიკებს რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ინიციატივების არარსებობას. მან აღნიშნა, რომ „ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ევროპიდანაა, მაგრამ არა ევროპისთვის.“
უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, ევროპას სჭირდება ერთიანი შეიარაღებული ძალები, რომლებიც რეალურად დაიცავენ კონტინენტს.
- „დღეს ევროპა ეყრდნობა მხოლოდ რწმენას, რომ საფრთხის შემთხვევაში NATO იმოქმედებს, მაგრამ რეალურად, NATO ჯერ არავის უნახავს [სრულმასშტაბიან] მოქმედებაში.“
უკრაინის პრეზიდენტი მიუთითებს, რომ ზოგიერთი ევროპელი „ნამდვილად ძლიერია“, ვიდრე იტყვის, რომ მათ „ყოველთვის სჭირდებათ ვინმე, ვინც ეტყვის, რამდენ ხანს უნდა იდგეს მტკიცედ.“ ზელენსკის შეფასებით, დიდი ძალები ასე არ მუშაობენ.
ზელენსკიმ ევროპა და ამერიკა გააკრიტიკა იმის გამოც, რომ ისინი „კომპანიებს რუსეთში რაკეტების კომპონენტების გაყიდვას არ უკრძალავენ.“
- „ევროპა არაფერს ამბობს, ამერიკა თითქმის არაფერს ამბობს და პუტინი რაკეტებს ამზადებს.“
- „გვირჩევენ, რომ „ტომაჰავკები“ არ ვახსენოთ,“ - ზელენსკი აღწერს, როგორ ურჩიეს, რომ ამან შესაძლოა, „განწყობა გააფუჭოს“ აშშ-სთან მოლაპარაკებებში.
ზელენსკის თქმით, „ამერიკა იცვლის თავის პოზიციას, მაგრამ ზუსტად არავინ იცის, როგორ. „საქმე უფრო სწრაფად მიდის, როგორ შეუძლია ევროპას ამის ატანა?“ ევროპა „ევროპული ცხოვრების წესის“ გამოწვევების წინაშე დგას.“
“ევროპას უყვარს მომავლის განხილვა, მაგრამ თავს არიდებს ქმედებებს დღეს, ქმედებებს, რომლებიც განსაზღვრავს, როგორი მომავალი გვექნება.
რატომ შეუძლია პრეზიდენტ ტრამპს “ჩრდილოვანი ფლოტის” ტანკერების გაჩერება და ნავთობის წართმევა, მაგრამ ევროპას არა? რუსული ნავთობის ტრანსპორტირება ევროპული სანაპიროების გასწვრივ ხდება. ეს ნავთობი უკრაინის წინააღმდეგ ომს აფინანსებს. ეს ნავთობი ევროპის დესტაბილიზაციას ეხმარება.
ასე რომ, რუსული ნავთობი უნდა გაჩერდეს, მისი კონფისკაცია უნდა მოხდეს და ევროპის სასარგებლოდ უნდა გაიყიდოს. რატომ არა? თუ პუტინს ფული არ ექნება - ევროპისთვის ომი არ იქნება. თუ ევროპას ფული ექნება, მაშინ მას შეეძლება თავისი ხალხის დაცვა. ახლა ეს ტანკერები ფულს აკეთებენ პუტინისთვის და ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი აგრძელებს თავისი ავადმყოფური დღის წესრიგის წინ წაწევას,” - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, „მუდმივი შიდა კამათი“ ხელს უშლის გულწრფელ საუბარს გადაწყვეტილებების მოსაძებნად. „ნამდვილ გლობალურ ძალად გადაქცევის ნაცვლად, ევროპა რჩება მცირე და საშუალო ძალების ლამაზ, მაგრამ ფრაგმენტულ კალეიდოსკოპად,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
„მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლების დაცვაში ლიდერობის აღების ნაცვლად, მით უმეტეს როდესაც ამერიკის ფოკუსი სხვაგან გადადის, ევროპა დაკარგული ჩანს და ცდილობს, ამერიკის პრეზიდენტი დაარწმუნოს, რომ შეიცვალოს. მაგრამ ის არ შეიცვლება. პრეზიდენტ ტრამპს უყვარს ვინც არის. და ის ამბობს, რომ უყვარს ევროპა, მაგრამ ის ასეთ ევროპას არ მოუსმენს.
დღევანდელ ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა, რომელზეც ხშირად არ საუბრობენ, არის აზროვნება. ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ევროპიდან არის, მაგრამ ყოველთვის ევროპის მხარეს არ არის,” - განაცხადა ზელენსკიმ.
დონალდ ტრამპთან ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ დავოსში საუბრისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულებისკენ მიმართული დოკუმენტები „თითქმის მზადაა.“
მისი თქმით, უკრაინა „პატიოსნად და მონდომებით“ მუშაობს და „რუსეთი მზად უნდა იყოს „ამ აგრესიის დასასრულებლად.“
ზელენსკი ამბობს, რომ აშშ-ის წინა შეხვედრებმა უკრაინისთვის თავდაცვითი რაკეტების მიწოდება გამოიწვია და რომ ოფიციალურმა პირებმა ახლაც ისაუბრეს „ცის დაცვაზე.“ ის იმედოვნებს, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას და ძლიერი ევროპისკენ მოუწოდებს; რომ კონტინენტს სჭირდება დამოუკიდებელი უკრაინა, რომელიც ერთ დღეს სხვების დასაცავად გამოვა.
„ჩვენ მზად ვართ, ვიყოთ ევროპის ნაწილი, რომელიც ნამდვილად მნიშვნელოვანია,“ - ამბობს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტი შეხვედრას კარგს და „ძალიან მნიშვნელოვანს“ უწოდებს - ის მადლობას უხდის პრეზიდენტს დროის გამონახვისთვის.
ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინას მშვიდობის მისაღწევად „ძალიან ძლიერი“ აშშ დასჭირდება და რომ ევროპასაც იგივე გავლენის ქონა შეუძლია, მაგრამ „დრო სჭირდება.“
„ვფიქრობ, ეს ბოლო ნაბიჯია, რაც ძალიან რთულია,“ - აღნიშნავს ზელენსკი. ის ამბობს, რომ ნებისმიერ ლიდერთან დიალოგის დროს მას საკუთარი ქვეყნის დაცვა სჭირდება, რაც „მარტივი არ არის, მაგრამ დღეს ეს [დიალოგი] პოზიტიური იყო.“
დავოსში თავისი გამოსვლის დასასრულს, ზელენსკი ამბობს, რომ „ვერცერთი ინტელექტუალური დისკუსია ვერ შეაჩერებს ომებს. ჩვენ გვჭირდება მოქმედება. მოქმედება ქმნის მსოფლიო წესრიგს.“
„უბრალოდ, გვჭირდება გამბედაობა მოქმედებისთვის. ახლა მოქმედების გარეშე, ხვალინდელი დღე არ არსებობს,“ - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.
ირანის საკითხს რაც შეეხება, ზელენსკი გლობალურ ლიდერებს ადანაშაულებს იმაში, რომ არ სურთ ირანელების, „და მათთვის საჭირო დემოკრატიის“ მხარდაჭერა.
„როდესაც უარს ამბობ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების დახმარებაზე, შედეგები ბრუნდება - და ისინი ყოველთვის უარყოფითია,“ - ამბობს ის.
ის მაგალითად ბელორუსს იყენებს და ამბობს, რომ რუსეთმა შეძლო იქ რაკეტების განლაგება ამ ქვეყნის მმართველობის საშუალებით.
„რაკეტები მხოლოდ დეკორაციისთვის არ არის,“ - ამბობს ზელენსკი.
მისი შეფასებით, ევროპა ახლა იმავე სიტუაციაშია გრენლანდიასთან დაკავშირებით, რადგან სჯერა, რომ ვიღაც სხვა გააკეთებს რამეს პრობლემის გადასაჭრელად.
ის ამბობს, რომ ამასობაში რუსული საომარი მანქანა მუშაობას აგრძელებს.
„ევროპამ საკუთარი თავი უნდა დაიცვას,“ ამბობს ზელენსკი და აღნიშნავს, რომ ბევრმა ქვეყანამ არ შეასრულა თავდაცვის ვალდებულებები.
„რა გზავნილს უგზავნის ეს პუტინს, ჩინეთს?“ „გრენლანდიის დასაცავად 40 ჯარისკაცის გაგზავნა არაფერს შეცვლის.“
ის ამბობს, რომ უკრაინას აქვს გრენლანდიის დასაცავი საშუალებები.
უკრაინის ლიდერი ვარაუდობს, რომ ევროპას სჭირდება საკუთარი შეიარაღებული ძალები, NATO-ზე დაყრდნობის ნაცვლად, რადგან „არავის უნახავს ალიანსი მოქმედებაში.“
ზელენსკი მადლობას უხდის ევროპას რუსული აქტივების გაყინვისთვის, მაგრამ ამბობს, რომ „როდესაც დრო დადგა“ აქტივების უკრაინის დასაცავად გამოყენებისთვის, გადაწყვეტილება „დაიბლოკა.“
უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ტრიბუნალის შექმნის საკითხში „რეალური პროგრესი“ არ ყოფილა „მრავალი შეხვედრის“ მიუხედავად. ის კითხვას სვამს, არის თუ არა ეს „დროის თუ პოლიტიკური ნების“ საკითხი.
ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს მაგალითთან დაკავშირებით მბობს, რომ ვიდრე მადურო ნიუ-იორკშია და სასამართლო პროცესს ელოდება, „პუტინი [სასამართლოზე] არ არის.“
ზელენსკიმ უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობისთვის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მადლობა გადაუხადა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ 23 და 24 იანვარს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინის, აშშ-სა და რუსეთის სამუშაო ჯგუფებს შორის მოლაპარაკებები გაიმართება.
შეხვედრა ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და პირველი სამმხრივი შეხვედრა იქნება.
“ამერიკული გუნდი დღეს მოსკოვში წავა, ისინი პრეზიდენტ ტრამპთან ჩემს შეხვედრას ელოდებოდნენ, ახლა ისინი წავლენ და ჩემი გუნდი ამერიკულ გუნდს შეხვდება. ვფიქრობ, ეს პირველი სამმხრივი შეხვედრა იქნება საამიროებში. ვფიქრობ, რომ ეს ხვალ და ზეგ იქნება. ეს იქნება შეხვედრა, რომელიც ორ დღეს გაგრძელდება საამიროებში,” - განაცხადა ზელენსკიმ.