ტრამპი: ზელენსკისთან ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა - ომის დასრულება ყველას სურს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დავოსში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.


მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ორ ლიდერს შორის მოლაპარაკებები დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.


„პრეზიდენტ ზელენსკისთან ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა“, - განაცხადა ტრამპმა.


მისი თქმით, „ომის დასრულება ყველას სურს.“ მისმა წარმომადგენელმა სტივ ვიტკოფმა ოპტიმიზმი გამოთქვა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევის თაობაზე. ვიტკოფი ხუთშაბათს, მოგვიანებით, კრემლში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.


ზელენსკი ამბობს, რომ აშშ-ის წინა შეხვედრებმა უკრაინისთვის თავდაცვითი რაკეტების მიწოდება გამოიწვია და რომ ოფიციალურმა პირებმა ახლაც ისაუბრეს „ცის დაცვაზე.“ ის იმედოვნებს, რომ აშშ უკრაინის გვერდით დგომას გააგრძელებს.


უკრაინის პრეზიდენტმა შეხვედრას პროდუქტიული უწოდა.


„განვიხილეთ ჩვენი გუნდების მუშაობა. პრაქტიკულად, ყოველდღე იმართება შეხვედრები ან გვაქვს კომუნიკაცია. დოკუმენტები ახლა კიდევ უფრო უკეთ არის მომზადებული. დღეს ასევე ვისაუბრეთ უკრაინის საჰაერო თავდაცვაზე. პრეზიდენტ ტრამპთან ჩვენი წინა შეხვედრა ხელს უწყობდა ჩვენი ცის დაცვის გაძლიერებას და იმედი მაქვს, რომ ამჯერად მას კიდევ უფრო გავაძლიერებთ. მადლობა გადავუხადე მას საჰაერო თავდაცვის რაკეტების წინა პაკეტისთვის და დამატებითი პაკეტის მიღება ვთხოვე. [ჩვენი პრიორიტეტია] სიცოცხლის დაცვა, ჩვენი მდგრადობა და ჩვენი ერთობლივი დიპლომატიური ძალისხმევა,“ - წერს ზელენსკი X-ზე.