დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის „არმადა“ [არმადა საზღვაო ფლოტის ნაწილი] ირანისკენ მიემართება.
აშშ-ის პრეზიდენტმა მედიას განუცხადა, შესაძლოა, აშშ-ს ამ ძალის გამოყენება "არ დასჭირდეს."
„ჩვენ ირანს ვაკვირდებით. როგორც იცით, ბევრი ხომალდი მიცურავს ამ მიმართულებით, ყოველი შემთხვევისთვის, დიდი ფლოტილია მიემართება და ვნახავთ, რა მოხდება. ირანისკენ დიდი ძალები გადაგვყავს. მირჩევნია, რომ არაფერი მოხდეს, მაგრამ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით," - განაცხადა ტრამპმა.
Reuters-ის ცნობით, ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების განთავსებასაც განიხილავენ, რაც შესაძლოა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყოს რეგიონში აშშ-ის ბაზებზე ირანის მიერ განხორციელებული ნებისმიერი დარტყმისგან თავის დასაცავად.
ტრამპმა არაერთხელ განაცხადა ირანის წინააღმდეგ შესაძლო ჩარევის შესახებ, ბოლო დროს იქ მომიტინგეების მკვლელობების გამო. ამერიკის ლიდერის თქმით, ირანმა მისი მუქარის შემდეგ თითქმის 840 ჩამოხრჩობა გააუქმა.
ცნობისთვის, „არმადები“ ძირითადად გამოიყენება სამხედრო გემების ჯგუფის აღსაწერად, ხოლო ფლოტები ასევე შეიძლება, ეხებოდეს არასამხედრო გემებს.
16 იანვარს, Fox News-მა წყაროზე დაწერა, რომ აშშ-ის სულ მცირე ერთი ავიამზიდი ახლო აღმოსავლეთისკენ გადაადგილდებოდა. ამავე წაყროს ცნობით, უახლოეს დღეებსა და კვირებში, რეგიონში აშშ-ის მიერ, სხვადასხვა ტიპის სამხედრო რესურსების გადაადგილებაც იყო მოსალოდნელი, რათა ამერიკის პრეზიდენტს ჰქონდეს სამხედრო ვარიანტები იმ შემთხვევაში, თუ ის ირანის წინააღმდეგ დარტყმებს გადაწყვეტს.